ბიძინა ივანიშვილი - ალბათ შემეშალა, როდესაც წინასწარ გამოვიტანე მინისტრზე ინფორმაცია და ახლა ვდარდობ ამაზე

ბიძინა ივანიშვილი - ალბათ შემეშალა, როდესაც წინასწარ გამოვიტანე მინისტრზე ინფორმაცია და ახლა ვდარდობ ამაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარდობს, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია წინასწარი გაახმაურა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან, რუსთაველის თეატრში გააკეთა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, არ მალავს, რომ შეკითხვები ერთ-ერთ სამინისტროსთან და ერთ-ერთ მინისტრთან არსებობს.

"საკადრო ცვლილებები ასე დაგეგმილი არ გვაქვს. მე გითხარით, რომ რამდენადაც ჩვენი ხელისუფლება გახსნილია, იმასაც არ ვმალავთ, რომ შეკითხვები გვაქვს ერთ-ერთ სამინისტროსთან, ერთ-ერთ მინისტრთან. ეს მხოლოდ იმისთვის მოგახსენეთ, რომ მეჩვენებინა გულწრფელობა. თუ სამინისტრო მოახერხებს და ლამაზად გასცემს პასუხს ჩვენს შეკითხვებს, მეც ბედნიერი ვიქნები და საზოგადოებაც გაიგებს, რაზე გვქონდა საუბარი, თუ არა და გამომზეურდება. ნუ დავაჩქარებთ პროცესებს. ალბათ მე შემეშალა, როდესაც წინასწარ გამოვიტანე ეს ინფორმაცია და ახლა ვდარდობ ამაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.