შსს თელავში გაზეთებით ვაჭრობაზე შეზღუდვას უარყოფს

შსს თელავში გაზეთებით ვაჭრობაზე შეზღუდვას უარყოფს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში გარემოვაჭრეებისთვის გაზეთებით საქმიანობა არ აუკრძალავთ და არ შეუზღუდავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, უბნის ინსპექტორმა მათ თხოვა, რომ ისეთ ადგილზე დამდგარიყვნენ, სადაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას არ შეუქმნიდნენ.

"გაზეთებით გარემოვაჭრეებმა უბრალოდ მოძრაობა შეაფარხეს ფეხის მოსიარულეთათვის და უბნის ინსპექტორმა სთხოვა, მიუთითა, დამდგარიყვნენ ისე, რომ ხალხს შეუფერხებლად მიმოსვლის საშუალება ჰქონოდა. არავისთვის არავის არაფერი აუკრძალავს, რადგან გაზეთთებით გარემოვაჭრეებს გამგეობიდან ნებართვა აქვთ", - განაცხადა გიორგობიანმა
.
პრესის გამავრცელებელი სააგენტოები თელავში გაზეთების გაყიდვების შეზღუდვაზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავში, "ელვა.ჯი"-ს ადგილობრივმა თანამშრომელმა ჯუმბერ კალმახელიძემ განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ ქუჩაში გაზეთები აღარ გაეყიდათ.