ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში სარა უილიამსონი ახალ ხელისუფლებას წინა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების დაფასებას ურჩევს.
როგორც უილიამსონმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს ქვეყანას მხოლოდ წინ წაიყვანს და ამით საქართველო დასავლეთსაც კარგ მაგალითს მისცემს. უილიამსონმა საქართველოში წლების წინ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზებიც კი სავალალო მდგომარეობაში იყო.
"თუ საქართველოს უნდა, დაიმკვიდროს სატრანზიტო ქვეყნის პოზიცია, ამისთვის მნიშვნელოვანია ლოჯისტიკა. ბიზნესისთვის რისკის ფაქტორები გაქრა, გადასახადების ოდენობა შემცირდა, ამოღება კი გაიზარდა, ეს რეფორმების წარმატებაზე მიუთითებს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6,6%-ით გაიზარდა, ქვეყანამ კი ბიზნესის კეთების სიმარტივით მოწინავე ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა, თუმცა გარკვეული რისკები მაინც არსებობს", - აღნიშნა უილიამსონმა.
მისი თქმით, წინა წლების განმავლობაში არსებობდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადები ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებული იყო შერჩევითაც, ასევე არსებობდა არასანდო სასამართლო სისტემა, განსაკუთრებით საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, რადგან ცოტა მოსამართლეს ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება.
"ხელისუფლების ცვლილება იყო ერთდროულად შეშფოთების და იმედის საგანიც. შეშფოთების იმიტომ, რომ ცვლილებას ეს ყოველთვის მისდევს, თანაც საქართველოს კოჰაბიტაციის გამოცდილება არ გააჩნდა. იყო შფოთვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიცვლებოდა გატარებული რეფორმები. რაც შეეხება იმედებს, გაჩნდა იმედი, რომ შეიქმნებოდა უფრო მტკიცე და დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში. ხელისუფლების ცვლილება მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელი გადასახედიდან კოჰაბიტაცია თითქოს მუშაობს, იმის მიუხედავად რომ ხშირად ისმის მწვავე ურთიერთკრიტიკა", - განაცხადა სარა უილიამსონმა.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და გამჭვირვალობას, თუმცა რეფორმები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გატარდა, ძალიან ხელშესახები იყო.
"ჩვენ ჩართული ვიყავით შრომის კოდექსზე მუშაობის პროცესში, არავინ ფიქრობს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ ცუდი არ იქნება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას, რუსეთის ბაზარი ყველასთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა ბიზნესმენები მას მთლიანად არ უნდა დაეყრდნონ. რუსეთს არაფერი გაუკეთებია იმის საჩვენებლად, რომ საიმედო პარტნიორია. ამავდორულად, მნიშვნელოვანია, ახლანდელმა მთვარობამ დააფასოს წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, ეს მხოლოდ წინ წაიყვანს ქვეყანას და ამით საქართველო დასავლეთსაც კარგ მაგალითს მისცემს", - აღნიშნა სარა უილიამსონმა.