უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას საქართველოში სულ მცირე ორი ათეული წელი დასჭირდება, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი მეთოდი რეალური ეკონომიკური ზრდაა.
"თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ არსებობს რაღაც ტაქტიკა, რომელიც უმუშევრობის პრობლემას ძლევს, უნდა გავაწბილო. ერთადერთი გზა ამ პრობლემის დასაძლევად არის რეალური ეკონომიკური ზრდა. ყველა სხვა მეთოდი უშედეგოა და უმუშევრობას პირიქით, ზრდი", - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს შეეძლო, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მიეღწია, ვიდრე დღეს აქვს.
"შეიძლებოდა, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ციფრით გაზრდილიყო. უმუშევრობა არის სისტემური პრობლემა და კარგი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში მის გადაჭრას სულ მცირე ორი ათეული წელი მაინც დასჭირდება", - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.