"ვარდების რევოლუციის" შემდეგ რადიკალური რეფორმების გატარება იმისათვის გახდა საჭირო, რომ ქვეყნის ეკონომიკას გადარჩენა-განვითარება შეძლებოდა , - ამის შესახებ "როუზ როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა.
კახა ბენდუქიძემ სემინარზე პრეზენტაცია გამართა თემაზე - "ვარდების რევოლუციის მიღწევები".
როგორც ბენდუქიძემ განაცხადა, რადიკალური რეფორმები დაეხმარა ქვეყანას, ჩამოყალიბებულიყო დინამიური, გამძლე ეკონომიკა.
ბენდუქიძის განცხადებით, მთავარი მიზანი ამ რეფორმების იყო, შექმნილიყო "პატარა და სუფთა მთავრობა". ბენდუქიძისვე განცხადებით, გადასახადების შემცირება დაიწყო 2004 წლიდან და დღეს საქართველოს მსოფლიოში ყველაზე დაბალი გადასახადები აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ბენდუქიძის თქმით, ის იყო, რომ ახალი სუნთქვა გაეხსნა ქართულ ეკონომიკას, შემცირდა ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა და ამ კუთხით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სხარტი სისტემა დაინერგა.
ბენდუქიძემ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჩამოთვალა ის მიღწევები, რომელიც, მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა და მათ შორის აღნიშნა რეფორმები საბაჟოს კუთხით.
"საბაჟო იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და რთული რეფორმა. რასაც მივაღწიეთ, იყო ის, რომ 55 დოკუმენტიდან დოკუმენტების რაოდენობა ორამდე შემცირდა, ხოლო ათჯერ შემცირდა დრო საზღვრის გადასაკვეთად", - განაცხადა ბენდუქიძემ.
მისივე თქმით, 2004 წელს საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო რუსეთი, თუმცა ამის შემდეგ მოხდა ემბარგო და ახლა რუსეთი ამ სიაში მეექვსე ადგილზეა. ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ რუსეთთან საქართველოს ექნება აქტიური სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ მთავარია, საქართველომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოდან გამოსავალი მოძებნა.