ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე კომერციულ ბანკებს ურჩევს, არ მიმართოს ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოებას, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.
როგორც ქადაგიძემ საბაკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, არ გამოირიცხება ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება.
"საბანკო სექტორი განაგრძობს სტაბილურ განვითარებას მაღალ კონკურენტულ გარემოში, სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება სახეზეა, ამავე დროს ბაზარზე ჩნდება სულ უფრო ახალი ინოვაციური პროდუქტები. ამ პროცესში კომერციული ბანკები საკმაოდ აგრესიულ სარეკლამო კომპანიას ეწევიან, რაც, თავის მხრივ, მისასალმებელია. ამავე დროს დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. რომელმაც შეიძლება მიაწოდოს არასრული ინფორმაცია ან შეუქმნას არასწორი მოლოდინები. ზუსტად ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, არ გამოვრიცხავთ ასევე ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას, საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი ეთიკის სტანდარტი, რომელსაც განურჩევლად დაიცავს ყველა კომერციული ბანკი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ამავე დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოუწოდებს მომხმარებლებს, ყურადღებით წაიკითხოს ხელშეკრულება ხელმოწერამდე და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მათი უწყების მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას მიმართოს.
"დღეს ჩვენ არ გვაქვს შეხვედრა ყველა კომერციულ ბანკთან, დღეს გვაქვს შეხვედრა ბანკებთან, რომლებიც აქტიურად ეწევიან სამომხმარებლო სეგმენტის დაკრედიტებას. აქ საუბარია სამომხმარებლო სესხებზე, ანუ იმ მომხმარებელზე, რომელიც ამა თუ იმ ფორმატით არ არის გათვითცნობიერებულნი სხვადასხვა პროდუქტის თავისებურებებში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხდება მოტყუება მომხმარებლის, ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია იმ სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელიც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს ესა თუ ეს პირი. 2011 წელს შევიმუშავეთ შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელმაც დაავალა უკვე კომერციულ ბანკებს გამიჯნონ და დეტალურად ჩამოაყალიბონ ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული არის სესხის აღებასთან. ეს უკვე არის კანონმდებლობაში, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სარეკლამო კამპანიაზე და ამ მიმართულებით ძალიან რთულია დავალდებულება", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.