კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მოსამართლეებისადმი გაკეთებულ მოწოდებას სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს.

ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, მოსამართლეებს არავის შეგულიანება არ სჭირდებათ.
"მოსამართლეებს არავის შეგულიანება არ სჭირდებათ, რომ არჩევნები ჩაატარონ, განსაკუთრებით - იუსტიციის მინისტრის. ეს არავის განსახილველი საკითხი არ არის, რომ მოუწოდონ, წამოაყენონ კანდიდატურები. ახლა თუ ვინმე კანდიდატურას წამოაყენებს, ამის უფლება აქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ კონფერენციაზე არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ კანდიდატურად, შემდეგ შევა საარჩევნო ბიულეტენში და ეყრება კენჭი. ამიტომ ასეთი განცხადებები, ერთი კუთხით ვიღაცამ შეიძლება დაინახოს კონფერენციის მხარდაჭერად, თუმცა, ჩემი აზრით, საჯარო პოლიტიკური პირების მხრიდან ასეთი განცხადებები არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩარევისა, რათა მოსამართლეებს რაღაც უთხრან. არავის სჭირდება ამის შეხსნება. მოსამართლეებს ხშირად გაუმართავთ კონფერენცია და არჩევნები, ახლაც ყველაფერი იქნება ღიად და გამჭვირვალედ", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, დამატებით თქმა იმისა, რომ "მოგიწოდებთ, წამოაყენოთ კანდიდატურა", საჭირო არ არის, მით უფრო იუსტიციის სისტემიდან არ უნდა წამოვიდეს მსგავსი მოწოდებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც დამტკიცდა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნო. კუბლაშვილის განმარტებით, სამდივნო განახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს კონფერენციის ჩასატარებლად. ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომაზე, მისი თქმით, იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება გადასაწყვეტი.

"პირველ რიგში ეს არის ცვლილებების შეტანა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში, რადგან ამას ითვალისწინებს ის პროექტი, რომელიც ჯერ ძალაში არ შესულა, მაგრამ მოქმედებისთანავე უნდა შეიცვალოს რეგლამენტი", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ყველაზე მთავარი, რაზეც დღეს მოხდა შეთანხმება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

"ჩვენთვის მთავარია, ავირჩიოთ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა. ავირჩიოთ არა ხელოვნურად წამოყენებული ინიციატივებით, არამედ სუფთად და თავად მოსამართლეთა მიერ დაყენებული კანდიდატურებით და ამ ყველაფერმა ჩაიაროს გარეგანი ჩარევების გარეშე", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მან ყველა მონაწილეს, დამკვირვებელს და დაინტერესებულ პირს მოუწოდა, მოსამართლეებს მიეცეთ თავისუფალი არჩევნების საშუალება და არ მოხდეს გარედან გარკვეული ინიციატივების შეტანა.