საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ვიცე სპიკერი გიორგი ბარამიძე არ ეთანხმება დავით საგანელიძის განცხადებას, რომ ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა.
ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ამ თემაზე კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სმეინარზე დაუსვეს. როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, არსებობს ბევრი მღვდელმთავარი, რომელიც პოლიტიკაში პირდაპირ ჩაერია.
"იყვნენ მღვდელმთავრები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს - ეს პოლიტიკური ძალა მომწონს, ეს კი არა. ეს მიუღებელია, რადგან მათ, ჩემი აზრით, დაარღვიეს სჯულის კანონი. მათი განსჯა ჩემი საქმე არ არის და ამ საკითხზე წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს, თუმცა მე არავის არაფერს ვკარნახობ და არც ეს არის ჩემი საქმე. ფაქტია, რომ იმის გამო, რომ მღვდელმთავრები არიან, ვერ დავბრმავდებით, ისინიც ადამიანები არიან და პასუხისმგებელნი თავისი სინდისის წინაშე", - აღნიშნა ბარამიძემ.
კითხვა, რამდენად დიდია საქართველოს ეკლესიის როლი ქართულ პოლიტიკაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე დღეს დაისვა. ამ კითხვაზე საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ეკლესიისა და მისი მეთაურის, უწმინდესის გავლენა მოსახლეობაზე ძალიან დიდია, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში არასოდეს ჩარეულა.