საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეები

საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეები "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივებით დაინტერესდნენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეები კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო განვითარების პერსპექტივებით დაინტერესდნენ.

კითხვა ასამბლეის წევრმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძეს დაუსვეს. კერძოდ, დეპუტატები დაინტერესდნენ, იმ ფონზე, როდესაც კოალიციასაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც" ქარიზმატული ლიდერები ჰყავთ, რამდენად შესაძლებელია პარტიების სტრუქტურული განვითარება.

როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, კოალიცია "ქართული ოცნება" შეკრებილია ბიძინა ივანიშვილის გარშემო და აერთიანებს რამდენიმე პარტიას, რომლებსაც არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. დავით საგანელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს დეკლარირებული აქვს სურვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში.

"დავით საგანელიძე თავად ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი ფაქტორი, რომლის გამოც კოალიცია შეიკრიბა და თუ იგი წავა პოლიტიკიდან, კოალიციაც გაქრება. მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. მე თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" შევედი როგორც "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენელი, რომლის ლიდერი იყო გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ახლა კი პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი, ანუ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ხელახლა ვერ იყრის, შესაბამისად ჩვენი პარტიის ახალი ლიდერები იქნებიან ახალგაზრდები", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

მისი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობა" ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეუერთდა.

"მჯერა, ჩვენს პარტიას კარგი მომავალი აქვს და იქნება მდგრადი პოლიტიკური ძალა, ხოლო საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე შეიკრიბებიან დასავლური ღირებულების გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ლიდერები", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.