საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ლაფანყურის თემაზე საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომისიის შექმნა არარეკომენდირებულია.
"საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ უკანონო შეიარაღებული ძალები, ჩატარდა ოპერაცია და სამწუხაროდ, დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები და ის ადამიანები ვინც ამ ჯგუფში იღებდა მონაწილეობას. ეს ხდებოდა საქართველოს კანონმდებლობით. თუ რა და როგორ მიმდინარეობდა, ამის შესახებ პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და პარლამენტის კომისიის აუცილებლობას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ვერ აცდა თემის პოლიტიზირებას", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.