ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 22 წლისთავთან დაკავშირებით საჩვენებელი საველე ტაქტიკური სწავლება "ისარი 013" გაიმართა.
საჩვენებელ სწავლებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრი.
საჩვენებელი სწავლება დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. სწავლების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სამხედროებს პირადად მიესალმა.
მთავრობის წევრებიდან ჟურნალისტებისთვის კომენტარი მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია დღევანდელი სწავლებით.
"მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ დავესწარით ვარჯიშს. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებული ტექნიკურად, ფიზიკურად. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სწავლება იყო", - განაცხადა ალასანიამ.
სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროებმა თავდაპირველად სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლთა შერჩევის ეტაპები აჩვენეს, შემდეგ კი ჩასაფრების, დევნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადების და ძაღლთა გამოყვანის ამოცანები განახორციელეს.
"ყველაფერმა ჩაიარა ისე, როგორც ეკადრებათ სპეციალურ ოპერაციების ძალებს.
დღევანდელ სწავლებაში გამოყენებული იყო ავიაცია, არტილერია, ასევე საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა "დიდგორი" და "ლაზიკა". სპეციალური ოპერაციების ძალები ყოველთვის მზად არიან, საქართველოს გულისთვის ნებისმიერ ადგილზე საბრძოლო მდგომარეობაში მონაწილეობისთვის", - განაცხადა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, მაიორმა დიმიტრი კიკნაძემ.