საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით საგანელიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბელის მონაწილეებს იმ ექიმებად მიიჩნევს, რომლებმაც საქართველოს დიაგნოზი უნდა დაუსვან.
ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსასვლელად რთული და ხანგრძილივი გზის გავლა დასჭირდა.
"პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ მოგმართათ კითხვით, შეგვიძლია თუ არა შემოვიდეთ ღია კარში. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჰიუ ბეილიმ მას უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, თუმცა ამისთვის რთული და გრძელი გზაა გასავლელი. მე ექიმი ვარ და ხშირად ვაკეთებ ანალოგიებს, როდესაც პაციენტი მეუბნება, რომ ავად არის, მე მას ყოველთვის ვარწმუნებ, რომ კარგად გახდება, თუმცა როდის, არ ვიცი. იმისთვის, რომ პაციენტს უმკურნალო, საჭიროა სამი რამ, სწორად დასვა დიაგნოზი, დაუნიშნო სწორი მკურნალობა, პაციენტმა ზუსტად შეასრულოს რეცეპტი. ჩვენ უკვე წლებია ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით და თუ ჩვენთვის მოცემული რეცეპტი სწორია, რატომ ვარ 1999 წლიდან ოპოზიციაში. იმიტომ, რომ ვერ შევეგუე, იმას, რომ ვამბობთ ერთს, ხოლო ვაკეთებთ მეორეს", - განაცხადა საგანელიძე.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში განადგურებული ოპოზიცია გააერთიანა და დღეს, თავად წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერს, რომელიც ექვს პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. საგანელიძის თქმით, ასეთი უმრავლესობის მართვა ადვილი არ არის, რადგან თითოეული გადაწყვეტილება ექვს პოლიტიკურ ძალასთანაა შეჯერებული და ფილტრს გადის.
"ყველა პარტიამ იცის, რომ დადგება დრო, როდესაც ისინი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და მე ოპოზიციის პირველი დამცველი ვიქნები როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ, რადგან ვიცი რა ძალა აქვს ოპოზიციას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" არასოდეს ჰყოლია. მე თქვენ გიყურებთ როგორც ადამიანებს, ვინც უნდა დასვათ დიაგნოზი, მაგრამ თუ არ გეტყვით რა გვაწუხებს, როგორ დასვამთ დიაგნოზს", - აღნიშნა დავით საგანელიძემ. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ბევრს იბრძოდა იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ვერ მოსულიყო.
"მათ შორის პარლამენტი გადაქცეული იყო ერთი კაცის ნოტარიუსად, არჩევნებში დემოკრატიული გზით გამარჯვება კი შეუძლებელი იყო. თუმცა, ერთადერთი ძალა, რომელიც ვერ დამარცხდა, ეს იყო ხალხის ნება. მათი ნება კი არის სამართლიანობის აღდგენა. საპატიმროში იყო ათიათასობით ადამიანი, 190 მხოლოდ პოლიტპატიმარი გამოვიდა ციხეებიდან. 4 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემთან შემოსული წართმეული ქონების დაბრუნების მოთხვნით", - აღნიშნა საგანელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობა დემოკრატიისკენ მიმავალი რთული გზის გავლაში დაეხმარება.