"კავკასიის პროექტის" დირექტორის ლოურენს შიითსის განცხადებით, 2-3 წლის განმავლობაში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა აზრთა ბევრ სხვადასხვაობას გამოიწვევს.
ამის შესახებ მან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც თემაზე "კოჰაბიტაციის განხორციელება" პრეზენტაცია გამართა.
"საუბარი იყო რკინიგზის აღდგენაზე. ამას შეიძლება, ვაჭრობის აღდგენისთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ პრინციპში საზღვაო ვაჭრობა ხომ არის, რომელიც ნაკლებად ძვირიც ჯდება. რკინიგზის აღდგენა კი საკმაოდ ძვირია და თან 2-3 წლის განმავლობაში მისი აღდგენა აზრთა ბევრ სხვადასხვაობას გამოიწვევს", - განაცხადა შიითსმა.
თავის მხრივ, ამ საკითხზე თავისი პოზიცია გააცნო დამსწრეებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე რუსეთის მხრიდან პოზიცია არ დაფიქსირებულა.
"ეს საკითხი დაისვა ქართული მხარის მიერ. სომხეთის მხრიდან მივიღეთ ნათელი პოზიცია, ექსპერტების დონეზე აზერბაიჯანის და თურქეთის მხრიდანაც დაფიქსირდა პოზიციები, თუმცა რუსეთის მხრიდან არანაირი პოზიცია არ დაფიქსირებულა და არ ვიცით ამაზე მსჯელობენ თუ არა", - განაცხადა ციხელაშვილმა.