საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, "ახლა საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, როგორც რუსეთს უნდა".
ასე გამოეხმაურა დარჩიაშვილი დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიროგი კუნაძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ვერ დაეხმარება.
"საქართველოს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ განიმტკიცოს სუვერენიტეტი. შეუქცევადი გახადოს რეფორმები. ჩვენ გვინდა საბჭოთა მემკვიდრეობისგან თავი დავაღწიოთ. თქვენ თქვით, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია ვეტოს უფლება ეს დაბლოკოს. ახლა საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, როგორც რუსეთს უნდა", - განაცხადა დარჩიაშვილმა და დაინტერესდა, სხვა რა შეიძლება, გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდეს.
როგორც კუნაძემ დარჩიაშვილის საპასუხოდ განაცხადა, "ის არ წარმოადგენს აქ კრემლს და შესაბამისად, ვერ დაიწყებს მტკიცებას, თუ რას ელის რუსეთი საქართველოსგან, თუმცა მას თავისი შეხედულებები და პოზიციები აქვს".
აღსანიშნავია, რომ დავით დარჩიაშვილმა კომენტარი შემდეგ ჟურნალისტებთანაც გააკეთა.
"რუსეთის წარმომადგენელმა აქ თქვა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა. ამ დილემიდან "ბორჯომით", ვაშლებით და მსხლებით როგორ უნდა გამოვიდეს ახალი ხელისუფლება ვერ წარმომიდგენია. თუ ის უარს იტყვის ნატო-ზე, რისი ეჭვიც გვაქვს ხოლმე, მაშინ არაფერს ფასი არ აქვს, არც ვაშლს და არც მსხალს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.