“მაღალი თუ დაბალი” თანამდებობის პირები უმწეოთა თანხებს ისაკუთრებენ. ქვეყანაში კი ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ყველას შეუძლია ღარიბს წაართვას და მდიდარს მიართვას.
დედოფლისწყაროში ადგილობრივი ოპოზიცია ირწმუნება, რომ საჯარო მოხელეები სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და გაჭირვებულთათვის განკუთვნილ ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებენ.
“თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი და სპეციალისტი აკაკი ჭაღალიძე სოციალური დახმარების მიმღებთა სიაში არიან.
“სამთაწყაროში უამრავი ოჯახია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მათ შორის მრავალშვილიანებიც. ამ ოჯახებს შეუჩერდათ დახმარება. რაიონის ადმინისტრაციამ ისინი მხოლოდ იმისათვის დასაჯა, რომ საკუთარი პროტესტი გამოთქვეს რაიონში მიმდინარე უკანონობებთან დაკავშირებით. ამ ფონზე სამთაწყაროს გამგებელი, რომლის ხელფასიც 400 ლარს შეადგენს, ცდილობს მიიღოს ის დახმარება, რომელიც სხვებს უკანონოდ წაართვა”, - აცხადებენ “თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის უფროს ზურაბ ნატროშვილს კი არ ახსოვს ნადირაშვილი და ჭაღალიძე იღებდნენ თუ არა საარსებო შემწეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სამთაწყაროს გამგებელმა რამდენიმე დღის წინათ დაწერა განაცხადი დახმარების მიღების მოთხოვნით.
“მისი ოჯახის სარეიტინგო ქულები ჯერ არ არის ცნობილი, ხოლო სპეციალისტმა აკაკი ჭაღალიძემ 75 000 ქულა მიიღო. გეტყვით, რომ სპეციალისტი დახმარებას ვერ მიიღებს”, - განაცხადა ნატროშვილმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წვრილფეხა თუ მსხვილფეხა ნაციონალი მოხელეები სხვადასხვაგვარი შემწეობის მიღებით ითბობენ ხელს. ასეთი ფაქტები მრავლადაა და შიგადაშიგ გამოვლინდება ხოლმე. თუმცა ყველაზე მასშტასბური დარღვევები ამ კუთხით კონტროლის პალატამ ამ ზაფხულს გამოავლინა. დარღვევების თანხობრივი გამოხატულება მილიონობით ლარს შეადგენდა. მაშინ ყველას ეგონა, რომ მთავრობაში და მით უფრო ჯანდაცვის სისტემაში მინიმუმ ტოტალური წმენდა განხორცილდებოდა, თუმდა ურუშაძის უწყებაში დღემდე თევზივით დუმან და სირაქლემას პოზას ინარჩუნებენ.
ამ რამდენიმე თვის წინათ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში გაუგონარი კანონდარღვევები გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს მიერ შედგენილ დაზღვეულთა სიაში აღმოჩნდნენ გარდაცვლილები, საქართველოდან გასული მოქალაქეები, სააგენტოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები, სხვა პროგრამით დაზღვეული ადამიანები.
დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება.
მოუწესრიგებელია დაზღვეულთა ბაზა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ დაზღვეულები სადაზღვევო ვადის ამოწურამდე გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი გადაზღვევა მაინც მოხდა. ხაზგასასმელია, რომ პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (430-ოჯახის წევრით), რაშიც გადახდილია 109,9 ათასი ლარი. დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი. დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3,743 მოქალაქის ჩანაწერი, რომელთა დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი. კერძოდ, დაზღვეული 3,255 უმწეო პირი ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3,183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.
პარლამენტში ამტკიცებენ, რომ კონტროლის პალატის დასკვნას რეაგირება უკვე მოჰყვა. კონკრეტულად რა შეიცვალა ამ საკითხზე დეტალურად არავინ საუბრობს. არადა, დასკვნის გამოქვეყნებისას ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე საზოგადოებას დაპირდა, რომ პრესკონფერენციას გამართავდა ყველა კითხვას უპასუხებდა და დამნაშავეებსაც დასჯიდა. მინისტრს ეს დაპირება აღარ გახსენებია, ამიტომ საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ თანხების გაფლანგვასა და ღარიბების ფულით ნათესავების ჯანდაცვის დაფინანსებაში თავად მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძე აცხადებდა, კონტროლის პალატის დასკვნა პარლამენტშია და მისი განხილვა მოკლე ხანში დაიწყება. “კონტროლის პალატის დასკვნა ნადვილად არის პარლამენტში,ყველასთვის ხელმისაწვდომია და იგი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. რაც შეეხება რეაგირებას, დასკვნა პარლამენტში აგვისტოში შემოვიდა, მალე ანგარიშებს მოვრჩებით და მისი განხილვა დაიწყება”, - ამბობდა თოიძე.
აგვისტოც გავიდა, სექტემბერ-ოქტომბერიც და მალე 2011 წელი საერთოდ დასრულდება, მაგრამ ბობოლა მოხელეებიდან ყურს არავინ იბერტყავს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სადღაც სამთაწყაროში მავანი რწმუნებული სხვისთვის განკუთვნილ თანხას თუ ეპოტინება?
838
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85