ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ საზოგადოება უკიდურესად აღაშფოთა. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშწორების მცდელობაში ეჭვი არავის ეპარება. საქმე იქამდე მივიდა, რომ საკითხს ერის სულიერი ლიდერი გამოეხმაურა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ის ქართველია.
ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს“, - ბრძანა ილია მეორემ.
იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება მისი უწმინდესობის პირადი, ავტორიტეტული პოზიციის დაფიქსირებაა, რაც მისასალმებელია.
ქუცნაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამავდროულად, საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ეს პატრიარქის მხრიდან მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციის დაფიქსირებაა:
„ჩემი ინფორმაციით, ამ განცხადების გაკეთება პატრიარქმა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა, ვინაიდან ეს მისი პირადი პოზიციაა. ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით. ეს არის მისი უწმინდესობის რჩევა, პოზიცია თუ მოთხოვნა, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
ესაა მესიჯი საზოგადოებისადმი, რომ მორალურად ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამას სამართლებრივადაც დავამტკიცებთ“.
ამასთან, ქუცნაშვილი არ თვლის, რომ პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება აღქმული იქნება, როგორც ეკლესიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა:
„როგორც საერო, ისე სასულიერი პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ერზე ზრუნვა სასულიერო პირის მოვალეობაა. ასე, რომ, ასეთი დიდი დამსახურების მქონე ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა უმაღლესი სასულიერო პირის მხრიდან უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა. პატრიარქის განცხადება არის კანონიერიც და ზნეობრივიც“.
სხვაგვარად ფიქრობენ უმრავლესობის წარმომადგენლები. ისინი ივანიშვილს და მის მომხრეებს მოუწოდებენ, „პატრიარქის სახელით არ ისპეკულირონ“. ილია მეორის განცხადების შეფასებისას მმართველი უმრავლესობის ლიდერები აქცენტს კვლავ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრულ პროცედურებზე აკეთებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა „სრული სამართლებრივი პროცედურის დაცვით მოხდა“, ხოლო რაც შეეხება მის აღდგენას, აქაც „კანონის შესაბამისი ნორმების გათვალისწინება უნდა მოხდეს“.
„ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ორგზის თავადვე თქვა - პირველად როცა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და შემდეგ, როცა საფრანგეთის მოქალაქე გახდა.
ამიტომ საუბარი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა შეუჩერა ამ თვალზარისით არასწორია. მისი ნაბიჯი, რაც სასამართლოში წასვლას უკავშირდება, უპერპექტივოა.
არსებობს მეორე გზაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოქალაქეობის ხელახალი მინიჭების თხოვნით კვლავ პრეზიდენტს მიმართოს, რაც თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის დისკრეციაა.
ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქია, სხვა მოქალაქეთა წინაშე, რომელთაც ანალოგიური მიზეზითა და ფორმით საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერდათ, არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებს“, - განუცხადა „პირWელს“ ნუგზარ წიკლაურმა, რომელიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან იმის თაობაზე, მიმართვის შემთხვევაში მისცემს თუ არა სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობას, თავს იკავებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროგნოზირებისგან თავს იკავს უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი, რომელიც წიკლაურის მსგავსად მთავარ აქცენტს საკითხის სამართლებრივ მხარეებზე აკეთებს:
„პატრიარქი ამ შემთხვევაში მორალური პოზიციიდან საუბრობს, თუმცა საკითხის სამართლებრივი მხარე არსებობს და სამართლებრივი კუთხით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ კითხვები არ უნდა არსებობდეს.
რაც შეეხება მოქალქეობის დაბრუნებას, აქაც სამართლებრივი პროცედურის დაცვაა საჭირო. გადაწყვეტილება პირველ რიგში, პრეზიდენტის პრეროგატივაა“.
ამასთან, ნუგაზარ წიკლაურიც და დავით დარჩიაშვილიც ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ყურადღება სწორედ სამართლებრივ მხარეებზე გაამახვილონ და პატრიარქის სახელით არ ისპეკულირონ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოერთვათ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ის საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს.