რუსეთის პატრიარქი „ბოროტების იმპერიას“ მისტირის

რუსეთის პატრიარქი „ბოროტების იმპერიას“ მისტირის

როგორიც ერი, ისეთივე ბერი – ეს სწორედ რუსეთზე და მის სულიერ ლიდერზეა ნათქვამი.  პატრიარქი კირილი საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს. ამით ის ვლადიმერ პუტინს ეხმაურება, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ „ბოროტების იმპერიის“ დანგრევა გასული საუკუნის ტრაგედია იყო.

საეკლესიო-სამეცნიერო ცეტრისა და საზოგადოებრივი და სადამკვირვებლო საბჭოს შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საბჭოთა კავშირის დაშლა „ისტორიული რუსეთის ჩამოშლად“ შეაფასა.

ამის მიზაზად მან „ეროვნული აზროვნების, სიამაყისა და ისტორიის, საქმის უნარის დაცემა“ დაასახელა და რუსულ საზოგადოებას „ღირსების ამაღლებისკენ“ მოუწოდა, „რათა ისტორიაში აღარასდროს განმეორდეს ის, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა“.

პატრიარქმა აქვე აღნიშნა, რომ „მმართველობით უკმაყოფილებამ და არასწორმა იდეოლოგიამ ხალხს სტიმული არ უნდა მისცეს, ქვეყნის სახელწმიფოებრიობა დაანგრიონ“.

„საბჭოთა კავშირის დროს ხალხი მმართველობის შეცვლას გეგმავდა, მაგრამ მოვლენებმა ისტორიული რუსეთი დაანგრია. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ერი ასეთი ცდუნებებისგნ ყოველთვის დაცული იყოს, ცდუნებებისგან, რომლებიც ჩვენ გავიარეთ და ისტორიული რუსეთი დავკარგეთ“, - აღნიშნა კირილმა.

ვის გულისნადებს ახმოვანებს კირილი, ამის დადგენას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. რამდენიმე წლის წინ რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს, საბჭოთა კავშირის დაშლას „მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა“, რამდენიმე კვირის წინ კი ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ევრაზიული კავშირის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაზეთ „იზვესტიაში“ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „ახალი საინტეგრაციო პროექტი ევრაზიისთვის - მომავალი, რომელიც დღეს იბადება“. რუსი პრემიერის პროექტს დასავლეთში უკვე უწოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა.

კომუნისტური იმპერიის „აღდგენამდე“  პატრიარქი კირილი აღიარებს, რომ პუტინის ძალისხმევის გარეშე, რუსეთიც დაიშლებოდა:

„ღმერთმა თქვენ ბევრ საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობა დაგაკისრათ. თქვენი ძალისხმევის წყალობით მოხერხდა ტენდენციის დაძლევა, რომელსაც შეიძლებოდა ქვეყანა დაშლამდე მიეყვანა“.

რუსეთის ეკლესიის მეთაური „დიდი პოლიტიკის“ გარდა, ზნეობრივ–ეთიკური საკითხების „გაიასნებითაც“ აქტიურადაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ვორონეჟელ სტუდენტებს ახალი „ამორალური“ კლასიფიკაცია წარუდგინა, სადაც ჰომოსექსუალობა და ფინანსური მაქინაციები ერთ დანაშაულებრივ სიბრტყეზე განალაგა.

შეგახსნებთ, რომ მანამდე პატრიარქს არაერთხელ დაუყენებია ერთ რიგში ჰომოსექსუალობა ნარკომანიასთან, კომერციულ-სექსმუშაკებთან და პედოფილიასთან.

პატრიარქ კირილის გამოსვლის შემდეგ, ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

სტუდენტობასთან და ლექტორებთან საუბარში რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ახსნა თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, მისი თქმით: „ყველა ჩვენი პრობლემების სათავეს, წარმოადგენს მორალისა და წესრიგის, და  ჭეშმარიტი ობიექტური მსოფმხედველობის გაუფასურება, რითაც შემდგომში ცოცხლობს ადამიანი...“

„თუ ადამიანი ცოცხლობს მხოლოდ თავისი სუბიექტური ჭეშმარიტებით ეს ცუდია. მაშინ რა გამოდის? მას ეკლესიამ რა უნდა ასწავლოს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთსქესიანი ქორწინება ცუდია და ფინანსური „პირამიდების“ წარმოებაც ცუდია, შესაძლოა, ვინმემ მიპასუხოს, რომ ეს თქვენი გადმოსახედიდან არის ცუდი, მაგრამ არა ჩემი გადმოსახედიდან.“

რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, მსგავსი აზროვნების ადამიანები, ატომურ ბომბს შეადარა – „ამას ცივილიზებულ საზოგადოებაში მალე ატომური ბომბის სიმძლავრის ეფექტი ექნება... რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად ადამიანთა მოდგმას...“

რა უნდა ითქვას ამგვარი „სიბრძნეების ფრქვევაზე“ თუ არა – ჭეშმარიტად ამოუცნობია „კაგებეშნიკი“ კირილის ბუნება და ამქვეყნიური მისწარაფებები.