მწვანე ნარგავების რაოდენობით თბილისი თითქმის ხუთჯერ ჩამოუვარდება ნორმატივებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, დედაქალაქში ათეულობით რეკრეაციული პარკი გაუქმდა. ხეები ისე იჩეხება, რომ იქვე გვერდით მცხოვრებ ადამიანებს არაფერს უებნებიან.
„კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას და უკანონო მშენებლობას აპროტესტებს.
ჩხარტიშვილმა უკანონო პროცესის შეჩერების მოთხოვნით იპოდრომთან საპროტესტო აქცია გამართა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე 20-მდე ხე არის გაჩეხილი. რაც შეეხება მშენებლობას, ჩხარტიშვილის განცხადებით, არ არის იმის აღმნიშვნელი აბრა, თუ რას აშენებენ ამ ტერიტორიაზე.
როგორც ჩხარტიშვილი განმარტავს, იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის მფლობელია კულტურის მინისტრის ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა, მშენებლობას კი კურირებს გია უდესიანი.
ლაშა ჩხარტიშვილის აქცია-ბრიფინგს შეუერთდნენ ასევე ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც მოითხოვენ, აუხსნან თუ რას აშენებენ ამ ტერიტორიაზე.
„აგვიხსნან, იქნებ კარგ რამეს აშენებენ და ჩვენთვისაც მისაღები იყოს. უბრალოდ, მოვითხოვთ ახსნა-განმარტებებს, რისთვის ჩეხავენ ხეებს და თხრიან ორმოებს“, - აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
ხეების ჩეხვა, რეკრეაციული ზონების განადგურება, მანქანების საწვავის გამონაბოლქვი, ფერადი „პარკებით“ „მორთული“ ხეები, მოუწესრიგებელი სადარბაზოების ბუნკერები და ა.შ. - ყველაფერი ეს ჩვენი დედაქალაქის პრობლემაა.
საკმარისია დედაქალაქს მაღლობიდან გადმოხედო, რომ ნისლად ქცეული მტვერი და კვამლი უმალ თვალში მოგხვდება.
თბილისში გარემოს ყველაზე მეტად საწვავის გამონაბოლქვი აბინძურებს. უკანონო მშენებლობების შედეგად გაჩეხილი ტყეები ჩვენს მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას ურთულებს.
ექსპერტთა განმარტებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პარლამენტში ყველა ის კანონი იქნა დამახინჯებული, რომელიც შევარდნაძის პერიოდში იყო მიღებული და გარემოს დაცვას ითვალისწინებდა. ასევე გაუქმდა კანონი, რომელიც მდინარე მტკვარში დაბინძურებული ნახმარი წყლების გაუფილტრავად ჩაშვებას კრძალავდა.
მაშინ როცა ბენდუქიძემ საქართველოს ტყეების გასხვისება დაიწყო, პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეს გააპროტესა და მეტნაკლებად შეაჩერა, მაგრამ ამ დროს თბილისის ტყეების გაყიდვის შესახებ კანონი გააპარეს პარლამენტში.
დღეს თბილისში უამრავი უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს მწვანე ზოლზე, სადაც კანონით არ შეიძლება მშენებლობები. საწვავი, რომელიც ტყვიას შეიცავს, უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ ამ სფეროში კორუფცია ისევ არსებობს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ამ სფეროში მუშაობს და ყველა დარღვევებს იურიდიულად განიხილავს. მოქმედებს ცხელი ხაზი და მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მათ უკავშირდება.
ცენტრის მტკიცებით, თბილისში არსებული პარკების ნაწილი თავის ფუნქციას ვეღარ შეინარჩუნებს და შესაძლოა ისინი ინვესტორების კომერციულ ინტერესებს შეეწირონ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული პარკები 49 წლიანი მართვის უფლებით კერძო ინვესტორებს გადაეცემათ.
ამ ეტაპზე ბიზნესპროექტი 5 პარკზეა მომზადებული. მათგან წითელი ბაღი და მუშთაიდის ბაღი უკვე გადაეცა კომპანია „ჯეო-გოლდს“, რომელიც, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ალექსანდრე ნიკოლაიშვილს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ პარკებში სხვადასხვა ტიპის მშენებლობის დაწყება იგეგმება.
ამის თქმის საფუძველს იძლევა ახლახან „ჯეო-გოლდთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულებას გრიფი „საიდუმლო“ ადევს და, შესაბამისად, არავის აქვს საშუალება, რომ კონტრაქტის დეტალებს გაეცნოს.
ხმაური თბილისში არსებული პარკების გარშემო ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2009 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა.
გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში თბილისში კატასტროფულად შემცირდა გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების ფართობები. მწვანე ნარგავთა რაოდენობით თბილისი თითქმის ხუთჯერ ჩამოუვარდება ნორმატივებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს.
„კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის“ პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის:
„ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში თბილისი, ჰაერის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი იყო. გარდა ამისა, არ იყო სახარბიელო მდგომარეობა გამწვანების კუთხითაც. საბჭოთა პერიოდის შემდეგ კი კიდევ უფრო უარესი და უარესი მდგომარეობაა. ამაზე მეტყველებს თუნდაც 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ათეულობით რეკრეაციული პარკი გაუქმდა“.
ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მოუწოდებს თბილისის მერიას, რომ არ გასცეს ნებართვა პარკებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა თუ სასტუმრო-რესტორნების მშენებლობაზე. თბილისის მერიაში თავს არ იწუხებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთონ.