გელას ოინები

გელას ოინები

თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

 

თენგიზ აბულაძის სურათი “ნატვრის ხე” იმ კატეგორიის შედევრებს განეკუთვნება, ყველა ეპოქაში, ყველა თაობისთვის ერთნაირად მისაღები რომ იქნება.

 

ამ ფილმის გადაღება კახეთში მიმდინარეობდა. სურათში არაერთი უნიკალური კადრია. ერთ-ერთი პატარა ბიჭის, ფინფანას სიმღერაა: ძონძებში ჩაცმული პატარა ბიჭი სოფლის ბილიკს მიუყვება და მთელი გრძნობით მღერის: “კარგი იყოო, არ გამეცან თავიდან”.

 

ეს ბიჭი, სახელად გელა, ბატონ თენგიზს კახეთში იმავე სოფელში უპოვია, სადაც იმ სცენებს იღებდნენ. გელა თავისთვის მიდიოდა თურმე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სოფლის გზაზე და მთელი გულით მღეროდა: “კარგი იყოო, არ გამეცან თავიდან.” თენგიზ აბულაძეს იმდენად მოსწონებია ეს ეპიზოდი, რომ გელა ფილმში თავისივე ტანსაცმლით გადაუღია, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

 

რასაკვირველია გელას მონაწილეობა ფილმში მარტო სიმღერით არ დასრულებულა. ყველას ახსოვს ის კადრი, როდესაც ხეზე მყოფი ცელქი ყმაწვილი ფუფალას ზემოდან აფსამს. დაიწყეს ამ სცენის გადაღება. ავიდა ფინფინა (ფილმში ასე ჰქვია) ხეზე, ფუფალაც დაჯდა სოფლის სალაყბოზე, ჩაირთო კამერები, მაგრამ რად გინდა, ბავშვი ვერაფრით შარდავს.

 

“მიდი, გენაცვალე, ქენი, მიდი გენაცვალე, - მთელი გადამღები ჯგუფი ეხვეწებოდა გელას – რა ვქნა, არ მინდა, სახლში ვქენი და ალბათ, იმიტომ, ლიმონათი რომ დამალევინოთ, იქნებ, ვქნაო,” - ჩამოსძახა ხიდან გელამ.

 

თურმე ბიჭს ლიმონათი ჰყვარებია, სახლში კი ბევრის დალევას უკრძალავდნენ, გაწყენსო. შვიდი ბოთლი ლიმონათი რომ დალია და მაინც არაფერი გამოუვიდა, ის-ის იყო გადაღება უნდა შეეწყვიტათ, რომ უცებ ვიღაცამ იყვირა, გვეშველა, მოუნდა, მოუნდაო! და გელამაც პირნათლად შეასრულა იმ დღეს დაკისრებული მოვალეობა.

 

პატარა ყმაწვილმა გელამ ფილმის გადამღებ ჯგუფს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

 

რამდენიმე ათეული წლის წინ ქალაქ ხონის მოსახლეობას მსახიობმა კარლო საკანდელიძემ გვიან ღამით იმპროვიზებული კონცერტი მოუწყო. იმ შემთხვევას ხონის ასაკოვანი მკვიდრნი დღესაც დიდი სიამოვნებით იხსენებენ.

 

ამ ეპიზოდს მსახიობი ელენე საყვარელიძეც იგონებდა.

 

“სურათში “მაგდანას ლურჯა” მენახშირის როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა კარლო საკანდელიძეს. მართალია, ფილმში კარლოს მაგივრად ოპერის მომღერალი გივი ტორონჯაძე ასრულებს სიმღერას “მენახშირე ბიჭი ვარ”, მაგრამ არც კარლო მღერის ნაკლებად და როცა ზაფხულობით კონცერტებით დავდიოდით, კარლო სულ “ბისებზე” მღეროდა მის სიმღერას. ხმამაღლა ვაცხადებდით “კინოფილმის მონაწილეო” და სოფლებში ამას დიდი ფასი ჰქონდა.

 

ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ კარგი ვახშამი გაგვიმართეს და ღამის ორ საათზე დავიძარით ხონისაკენ. ღამის 4 საათი იქნებოდა, ხონის სასტუმროს რომ მივადექით. ბევრი ვაკაკუნეთ, ბევრი ვიძახეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მეორე სართულიდან გადმოდგა საცვლების ამარა ბერიკაცი.

- რომელი ხარ, მაქანეო? – გვკითხა.

 

უძილო და დაღლილმა კარლომ მიახალა: „რომელი ვარ, თორემ, ერთბაშად არ მიცნო, გააღე ჩქარა კარი!“ ამის შემდეგ კარლო დადგა შუა ეზოში, ხელები გაშალა და დაიწყო სიმღერა: “მენახშირე ბიჭი ვარ, არ მაქვს ბინა, საფარი, ნახშირს ვყიდი ბედისგან ნახშირივით დამწვარი, ჰეეეე”.

მეორე სტროფი რომ დაამთავრა, სასტუმროს სხვა ფანჯრებშიც აინთო შუქი. იმ დარაჯს შარვალი ჩაუცვამს და სასტუმროს კარი გაიღო. შემდეგ კარლოს გაეხუმრა - არ მიცნობო, რაზე მითხარი, შენ ვინ არ გიცნობს ჩვენს მენახშირეს? - უთხრა და შინაურულად მოუთათუნა ხელი მხრებზე.”

 

თელაველი გეგე სულხანიშვილი პროფესიონალი მსახიობი არ ბრძანდება, მაგრამ ათიოდე ქართულ ფილმში გადაღებული მაინც გახლავთ. ერთხელ ბატონი გეგე რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ძალიან “გაანაწყენა”.

 

“დამირეკა გიორგი შენგელაიამ და მითხრა, ერთ კვირაში ეროტიკული ფილმის გადაღებას ვიწყებ და კახეთში ჩამოვდივარ, დედაჩემის მუზეუმში შევხვდებით ამა და ამ დროსო. მეგონა, მექალთანე კაცს მთავარ როლზე მეპატიჟებოდა. მთელი კვირა არაჟანსა და ხიზილალას შევექცეოდი ენერგიის მოსაზღვავებლად. ხუმრობა საქმეა? – ასაკიან კაცს ეროტიკულ ფილმში მიღებენ.

 

დადგა ნანატრი წუთებიც და რეჟისორი მეუბნება, გეგე, შენ ამ ხალხთან დაჯექი და იქეიფე, ფილმში შენი ჯიპი გვჭირდებაო. გეთქვა მასე, სად წავიღო ამდენი ენერგია-მეთქი? ვუსაყვედურე. არადა, რა არ ვიღონე, ფორმაში მოსასვლელად“.

 

გიორგი შენგელაიაზე გამახსენდა. რეჟისორი მაკა ბურდული ერთ ამბავს ხშირად ყვებოდა.

 

“ფილმიდან “ჩვენი ეზო” ალბათ გახსოვთ წვიმაში გალუმპული გიორგი შენგელაიას ცეკვა. სინამდვილეში კი გუჯა ბურდული ცეკვავს, რაც ფილმში, ცხადია. არ ჩანს. ალბათ გული მწყდებოდა ეს ფაქტი ინკოგნიტოდ რომ რჩებოდა და ბავშვობაში ჩვენი ეზო მართლა შევყარე: გიორგი შენგელაია რომ ცეკვავს ფილმში “ჩვენი ეზო”, ის მამაჩემია-მეთქი. ბავშვებმა კი ერთხმად და შეცდომით მიიტანეს სახლში ამბები – ბიძია გუჯამ თუ გაიგო, მოჰკლავს მაკას, ასეთი ცნობილი მსახიობის შვილია და მაინც გიორგი შენგელაიას მამობას იბრალებსო”.

 

სამწუხაროდ დღეს ისეთი დროება დაგვიდგა, რომ ახალგაზრდა თაობა ახლო წარსულის ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს ვეღარ ცნობს, სამაგიეროდ ანრი ჯოხაძეებს და ნინა წკრიალაშვილებს ხელის გულზე ატარებს. ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ის ისტორიაა, რომელიც პაროდისტ ბესო ვერულაშვილს რამდენიმე წლის წინ შეემთხვა.

 

“ფილარმონიის დაცვის ბიჭებმა ვერ იცნეს და ამიტომ არ აუშვეს მაღლა საგანგებო საშვის გარეშე რამაზ ჩხიკვაძე და თემურ წიკლაური. დავიწვი სირცხვილით, ხედავ, რა დრო დადგა-მეთქი? გავბრაზდი, რამაზ ჩხიკვაძეს ვერ სცნობენ და გეგეს და როსტიკას ავტოგრაფების ჩასაწერად დასდევენ.

ვთხოვე დაცვას – ჩემთან ეროსი მანჯგალაძე და სერგო ზაქარიაძე მოვლენ და დაუბრკოლებლად ამოუშვით-მეთქი. “არ არის ბაზარიო”, შემპირდნენ, დავიმახსოვრებთო, თქვეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიწერეს გვარ-სახელები, რომ არ დავიწყებოდათ ან ვინმეში არ შეშლოდათ.”

ამ ისტორიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელსაც ერთი ჩემი ნაცნობი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იხსენებს.

 

“ზვიად გამსახურდიას დროს პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლები რომ ჩამოყალიბდა, ერთ ასეთ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მისაღებ გამოცდაზე მოვხვდი. ზეპირ გამოცდაზე შესანიშნავი გარეგნობის ჭაბუკი შემოვიდა. ბილეთში დასმულ ვერც ერთ კითხვაზე ხმა ვერ ამოიღო. შევეკითხე.

 

- აბა, გვითხარი, ვისი დაწერილია “დიდოსტატის მარჯვენა”?

პასუხად კვლავ დუმილი მივიღე.

- კარგად დაფიქრდით, დაწერილია გა-გა-გამ... – ეშველება ჩემი კოლეგა.

ისევ დუმილი.

გა... გამ... გამსა... გამსახ...

- ა, ზვიად გამსახურდია, პატივცემულო! – თქვა ყმაწვილმა აღფრთოვანებით და გაბრწყინებული თვალები შემოგვანათა.

- ზვიადი თუ? – არ ვეშვები.

- ზვიადი თუ, კო... კონ... კო... სტ...

- ა, დიახ, მერაბ კოსტავა, რამ დამავიწყა, ასე ვიბნევი ხოლმე, პატივცემულო! – თქვა ისევ აღფრთოვანებით ყმაწვილმა და სახე გაებადრა.”

 

დარწმუნებული ვარ, თუ მოინდომებთ თანამედროვე საქართველოში ზემოთ აღწერილი სევდიანი ისტორიის არაერთ ანალოგს მოიძიებთ. სამწუხაროდ დღეს ამ მწარე რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.