პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის პროცედურა დაიწყო

პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის პროცედურა დაიწყო



პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო, მაგრამ სათანადო საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში მხოლოდ გუშინ შევიდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურას დაჩქარებულად იწყებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი გუშინ დილით, 83 დეპუტატის სახელით იქნა ინიცირებული. პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხი სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს და ამაში გასაკვირი არც არაფერი ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო შეთანხმების თანახმად, პარლამენტართა რაოდენობა უნდა განისაზღვროს 190 წევრით. აქედან 83 აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე.

ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, უკვე გათვალისწინებულია, რომ ყველა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა100 000 აღემატება, გაიყოფა და შესაბამისად, შეიქმნება დამატებით 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხი ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ, თავის დროზე პარლამენტართა რაოდენობის შემცირება 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმით გადაწყდა და შემდეგ მისი აღსრულება 2005 წელს მოხდა. სხვათა შორის, არსებობს სტენოგრამული ჩანაწერები, სადაც უმრავლესობის წარმომადგენლებიც და თავად სააკაშვილიც ამბობს, რომ რეფერენდუმის შედეგის აღსრულება ხდებოდა.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმის გადაწყვეტილების შეცვლა ისევ რეფერენდუმით არის შესაძლებელი, მაგრამ ხელისუფლებამ ახლა გამოაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგი არ არისო და საარჩევნო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამ შეთანხმების ყველა მონაწილე მუდმივად ამ განცხადებას იმეორებს.

ამ არგუმენტს, ცხადია, არც ექსპერტები და არც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს, მაგრამ ხელისუფლებას ეს საერთოდ არ აინტერესებს. სამაგიეროდ, სააკაშვილი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს. ბოლო თვეების განმავლობაში მან არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა და ეს ოპოზიციის თხოვნით გააკეთა. საარჩევნო შეთანხმების არამონაწილე ოპოზიცია კი აცხადებს, რომ "პრეზიდენტი ტყუის".

ასეა თუ ისე, პარლამენტართა რაოდენობის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ იმის გამო, რომ ამ საკითხს კონსტიტუცია არეგულირებს, პარლამენტართა რაოდენობის გაზრდისთვის ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. საკონსტიტუციო ცვლილებას კი თავისი პროცედურა აქვს, რაც საკონსტიტუციო ცვლილების ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვისთვის კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი ქმნის. საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, თუ ეს საკითხი პარლამენტართა ან ამომრჩეველთა მიერ არის ინიცირებული, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეძლევა ერთკვირიანი ვადა, რათა საკითხის ინიციატორთა ხელმოწერების ნამდვილობა გადაამოწმოს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, დეპუტატთა ნახევარს და 200 ათასს ამომრჩეველს. საკითხის ინიცირებისას კი საჭიროა ხელმოწერების წარდგენა და საპროცედურო კომიტეტმა სწორედ ეს ხელმოწერები უნდა გადაამოწმოს. გადამოწმების შემდეგ კი იქმნება საზოგადოებრივი განხილვის კომისია.

გუშინ დილით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე კი საყოველთაო განხილვის კომისიის შექმნა გუშინვე გადაწყდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა 83 დეპუტატს ეკუთვნის. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს კი მათი ხელმოწერების გადასამოწმებლად, რეგლამენტის მიხედვით, ერთი კვირის ვადა ჰქონდა. თუმცა, როგორც პარლამენტში დღის მეორე ნახევარში გამართულ ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით თოდრაძემ განაცხადა, კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა უკვე გადაამოწმა 

და შესაბამისად დასკვნაც მზად არის შესაბამისი კომისიის შესაქმნელად.

საინტერესო კი ის არის, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე დეპუტატის ხელმოწერის გაყალბება აღმოაჩინა.

მან ჟურნალისტებს ხელმოწერების დედანის ასლი გააცნო, სადაც ირკვევა, რომ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძეს პროექტის ინიცირებაზე ხელი არ აქვს მოწერილი და მისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია.

ცაგარეიშვილს აინტერესებს, თუ როგორ გადაამოწმა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა არარსებული ხელმოწერის ნამდვილობა.

"ძველად ნოტარიუსების ადგილს ტოვებდნენ ხოლმე ყალბი ჩანაწერებისთვის, ესეც ზუსტად ამას გავს", - განაცხადა დეპუტატმა. პრინციპში, ერთ ხელმოწერას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საკითხის ინიცირებისთვის დეპუტატთა ნახევრის თანხმობაა საჭირო და 75 დეპუტატის ხელმოწერაც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტი ისე ჩქარობს, რომ ამასაც კი არ მიაქცია ყურადღება.

ხელისუფლების ასეთი სიჩქარე კი, ცხადია, "საარჩევნო კოდექსის" პროექტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტზე დასკვნა 16-17 დეკემბერს გამოქვეყნდება და ამის შემდეგ პროექტის საპარლამენტო განხილა დაიწყება. ამ დროისთვის კი თუ საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული არ იქნება, ეს საკითხი "საარჩევნო კოდექსში" ვერ აისახება. ამიტომაც, გასაგებია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ჩქარობს, მაგრამ საინტერესო ის არის, ეს საკითხი აქამდე რატომ არ გაახსენდათ. მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.