ევროპული კრიზისის ამერიკული მსხვერპლი

ევროპული კრიზისის ამერიკული მსხვერპლი



ევროპული ეკონომიკური კრიზისი ოკეანის გაღმაც გავრცელდა და საბროკერო კომპანია “MF Global”-ი შეიწირა. ამ უკანასკნელს 6 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა ჩადებული ევროს ზონის ქვეყნების სუვერენულ ვალებში და ისღა დარჩენოდა, თავი ბანკროტად ეცნო. აღსანიშნავია, რომ ეს გაბანკროტება ამერიკის ისტორიაში თავისი მასშტაბით მერვე ადგილზეა. 

„MF Global“-ის კრახი სტანდარტული სცენარით განვითარდა: 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ 191,6 მილიონი დოლარი იზარალა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ამან ისედაც შეშინებული ინვესტორები კიდევ უფრო დააფრთხო, მათ კომპანიის ფასიანი ქაღალდების თავიდან მოშორება დაიწყეს და MF Global-ის აქციები ერთ კვირაში 67 პროცენტით დაეცა. 

ყოველივე ამას მოჰყვა ნიუ იორკის სარეზერვო ბანკის რეაგირება, რომელმაც „MF Global“-ის მონაწილეობით გარიგებების წარმოება აკრძალა. გარდა ამისა, შეჩერდა მისი აქციებით ვაჭრობაც. კომპანიის ტრეიდერებს ბირჟაზე აქციების ყიდვა-გაყიდვაც აუკრძალეს. ანუ, საბროკერო კომპანიის სრული პარალიზება მოხდა. 

შედეგად, კომპანიის, რომლის ვალი 39,7 მილიარდ დოლარს, აქტივები კი 41 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მენეჯმენტმა აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. საუბარი იყო „MF Global“-ის გაყიდვაზე და მისით რამდენიმე მსხვილი ბანკი იყო დაინტერესებული, მაგრამ რეალურ მოლაპარაკებებამდე საქმე ეგრეც არ მივიდა, რადგან საბროკერო კომპანიაში იმდენად დიდი სარისკო აქტივები იყო აკუმულირებული, რომ არც ერთი რეგულატორი მისი გაყიდვის თანხმობას არ გასცემდა. 

ევროპულ ბონდებში „MF Global“-ის დაბანდება მესამე კვარტლის ბოლოსთვის 6,3 მილიარდი დოლარი გახლდათ, აქედან 4 მილიარდი გაჭირვებული იტალიის და ესპანეთის ობლიგაციებში. შედარებისათვის გეტყვით, რომ ევროპული ბანკი „Dexia“ 3,5 მილიარდმა ბერძნულმა ვალმა დაღუპა, არადა, თავად ბანკის აქტივები 300 მილიარდ ევროს აღწევდა. 

თუ რატომ განახორციელა „MF Global“-მა ეგზომ სარისკო ინვესტიციები, მისი მენეჯმენტი კომენტარს არ აკეთებს. სავარაუდოდ, მათ ევროკავშირის სამიტის შემდეგ ევროპული ფასიანი ქაღალდების გაძვირების და ამგვარად მოგების ნახვის იმედი ჰქონდათ. მაგრამ ეს არ მოხდა და „MF Global“–ი უბრალოდ განადგურდა. 

ფარად ამისა, „MF Global“-ის კლიენტთა ანგარიშებზე 600 მილიონი დოლარის დანაკლისი იქნა აღმოჩენილი. ჯერჯერობით ამერიკელ სამართალდამცავებს ბრალი არავისთვის წამოუყენებიათ, მიმდინარეობს გამოძიება და, გამორიცხული არ არის, რომ ეს თანხა არასწორი გათვლების გამო უბრალოდ ანგარიშში არ გამოჩნდა. მაგრამ არსებობს იმისი დიდი შანსი, რომ კლიენტთა ანგარიშებიდან თანხა სარისკო აქტივების შესაძენად გადაიქაჩა და თუ ეს დადასტურდა, მაშინ ბევრს მოუწევს სასამართლოს წინაშე თავის მართლება.

ერთ-ერთი პირველი ამგვარი კი, ცხადია, კომპანიის თავკაცი ჯონ კორზაინი იქნება, რომელიც „MF Global“-ს სათავეში მიმდინარე წლის მარტში ჩაუდგა. „Goldman Sachs“-ში 24 წლიანი მუშაობისას მან ძალიან რისკიანი ტრეიდერის რეპუტაცია მოიპოვა. „MF Global“-ში მოსვლისას იგი აცხადებდა, რომ მიზნად ისახავდა საბროკერო კომპანიის სრულფასოვან საინვესტიციო ბანკად ქცევას, მაგრამ საპირისპირო კი მოხდა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კორზაინი სენატორი და ნიუ ჯერსის გუბერნატორიც კი იყო. 

 
„MF Global“-ის გაბანკროტება სხვა საფინანსო ორგანიზაციების კრახს ალბათ არ გამოიწვევს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ევროპული კრიზისი ოკეანის გაღმა გავლენას ახდენს, საყურადღებოა. ამან ინვესტორები სერიოზულად შეაშფოთა და ბევრ მათგანს ამერიკულ აქტივებში დაბანდების სურვილი დაუკარგა.