დაკარგული ათწლეული და სეკვესტრირებული ევროზონა

დაკარგული ათწლეული და სეკვესტრირებული ევროზონა



მსოფლიო ეკონომიკას “დაკარგული ათწლეული” ელის. ამგვარი დასკვნა არა ვინმე რიგითმა ექსპერტმა, არამედ თვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა გააკეთა. მისი აზრით, გლობალურ ეკონომიკას ეგზომ დიდ საფრთხეს ევროპული კრიზისი უქმნის, რომლიც მალე ბებერ კონტინენტს გასცდება. 

ლაგარდის აზრით, თუ ევროპული კრიზისი დროულად არ მოგვარდა, იგი ევროზონის წევრ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზეც გავრცელდება. ამას უკვე არაერთი ექსპერტი პროგნოზირებს, რომლებიც აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ძალიან მალე იტალია ზუსტად ისე იქნება გადასარჩენი, როგორც საბერძნეთი და შემდეგ, კიდევ ერთი, მორიგი დეფოლტი არ დააყოვნებს და ასე გაგრძელდება დომინოს პრინციპით.

ლაგარდის განცხადებით, როგორც კი კრიზისი ევროზონის წევრ ძლიერ ქვეყნებზე გავრცელდება, ეს მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე ძალიან ძლიერ ზეგავლენას მოახდენს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ აშშ ვერა და ვერ ახერხებს ეკონომიკის ზრდის ტემპის სტიმულირებას და უმუშევრობის მაღალ დონესთან ბრძოლას. მეტიც, არსებობს საშიშროება, რომ აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდება. ჰოდა, ლაგარდის აზრით, როცა ევროპული და ამერიკული ფაქტორები ერთმანეთს დაემატება, მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი საფრთხე დაემუქრება. 

ყურადსაღებია ისიც, რომ ლაგარდის თქმით, უსიამოვნებებისაგან დაზღვეული არ არის არც აზიის რეგიონი. მართალია, აზიური ქვეყნები, უპირველესად კი ჩინეთი, ბოლო დროს შეუფერხებლად ვითარდებოდნენ, მაგრამ აშშ და ევროპა აღმოსავლეთის რეგიონის მსხვილი სავაჭრო პარტნიორები და აზიური საქონლის უდიდესი ბაზარია. ამერიკის და ევროპის ეკონომიკების პრობლემებმა უკვე შეანელა აზიურ საქონელზე სამომხმარებლო მოთხოვნილების ზრდა, არადა, ჩინეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები ექსპორტზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. 

ლაგარდი ირწმუნება და მას ანალიტიკოსები ერთხმად ეთანხმებიან, რომ თუ განვითარებული ქვეყნების პრობლემებს ჩინეთსა და სხვა ძლიერ განვითარებად ქვეყნებში ზრდის შენელება დაემატება, ეს მსოფლიო ეკონომიკისათვის უმძიმესი დარტყმა იქნება. 

ის, რომ კრიზისი ევროზონის ძლიერ ქვეყნებზეც შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით გერმანიას და საფრანგეთს აღელვებს, რომლის ლიდერები პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ვარიანტად განახლებული ევროს ზონის შექმნას მოიაზრებენ, რომელიც უფრო მცირე და ძლიერი წევრებისაგან იქნება შემდგარი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ, ევროს ზონიდან უნდა გაირიცხონ. 
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ გეგმას არსებობის სრული უფლება აქვს, რადგან ევროს ზონას, არსებული ფინანსური კრიზისის პირობებში უამრავი ახალი და უმძიმესი განსაცდელი ელის, რომლებიც უკონტროლო დაშლით ემუქრება. ასე რომ, ერთგვარი სეკვესტრი გადარჩენის ერთ-ერთი ვარიანტი უდავოდ არის. 

გარდა ამისა, თუ ევროს ზონიდან სუსტ ქვეყნებს გააძევებენ, ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის ხარჯზე, დაჩქარდება და უმტკივნეულოდ წარიმართება. ასე რომ, გამოდის, საფრანგეთის და გერმანიის იდეას კიდევ ერთი გამართლება აქვს.

ამ იდეის მომხრეები აცხადებენ, რომ ევროს ზონის რეფორმირება ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს, სანამ მისი ისეთი წევრები, როგორებიცაა საბერძნეთი და იტალია, საბოლოოდ არ დაასუსტებენ. თორემ, თუ ეს მოხდა, შემდეგ ბებერი კონტინენტის მდიდარი ქვეყნებიც ვეღარ მოახერხებენ ზონის შენარჩუნებას.
 
მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი რეფორმა წყალში ჩაყრის ერთიანი ევროპის შექმნისათვის მრავალწლიან ბრძოლას და ხაზს გადაუსვამს იმ იდეალებს, რისთვისაც ბოლო დროს ბებერ კონტინენტზე იბრძოდნენ. ამასთან, ევროპული ლიდერი ქვეყნები ევროს ზონის რეფორმირებაზე ძალიან დიდ სახსრებს დაკარგავენ. მაგრამ, შეიძლება ასე ბევრად ნაკლები დაიკარგოს, ვიდრე უკონტროლო დაშლის შემთხვევაში, ხოლო როცა თავის გადარჩენა დგას დღის წესრიგში, იქ იდეალები არავის აინტერესებს.