ქეთი ბექაური: “ჩემი საქმიანობისა და შეხედულებების გამო ხელისუფლება მდევნის“

ქეთი ბექაური: “ჩემი საქმიანობისა და შეხედულებების გამო ხელისუფლება მდევნის“

ადვოკატი ქეთი ბექაური, რომელსაც ამავდროულად რადიო “ობიექტივში“ ყოველ კვირა დღეს გადაცემა მიჰყავს, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თავისი საქმიანობისა და შეხედულებების გამო იდევნება. 

იმაზე, თუ რა აძლევს ადვოკატს ამის თქმის საფუძველს და რა სიახლეებია ლაშა არქანიას გახმაურებულ საქმეში, ქეთი ბექაურთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ამჟამად ის ღუდუშაურის კლინიკაში წევს, ბარძაყის მოტეხილობა აქვს. 7 ნოემბერს ქირურგმა–ტრავმატოლოგმა მალხაზ ფირფილაშვილმა მას ოპერაცია გაუკეთა. ქეთი ბექაურს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და გთავაზობთ მასთან ტელეფონით ჩაწერილ ინტერვიუს.

რა სიახლეა თქვენი მანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში?

ქეთი ბექაური: სიახლე ისაა, რომ მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამომართვეს, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. ყველასთვის ცნობილია ის, რაც მოხდა მიმდინარე წლის 26 მაისს – პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებას ბართლომეს ღამე მოუწყო. მე, როგორც უფლებადამცველს, როგორც იურისტს და ამ ქვეყნის შვილს, უფლება არ მქონდა, რომ “ობიექტივის“ სტუდიაში ჩემი საეთერო დროით არ მესარგებლა და 26 მაისის მოვლენებისთვის სამართლებრივი შეფასება არ მიმეცა.

ამ მიზნით 29 მაისს გადაცემაში სტუმრად მოვიწვიე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი და ამავე ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, იოსებ ბარათაშვილი. გადაცემის დასრულების შემდეგ, სტუმრები გავაცილე და ამ დროს, ავტოსადგომზე ჩემი კუთვნილი ავტომანქანის მარჯვენა მხარე დაზიანებული, დამტვრეული დამხვდა. საპატრულო პოლიცია გამოვიძახე. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე წინასწარი გამოძიება იმ დღესვე დაიწყო. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 29 მაისიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა და გამოძიება ერთ ადგილასაა გაყინული.

რამდენადაც მახსოვს, პოლიციაში თქვენი დაკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

– თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში 4 საათი გამაჩერეს. ჩემგან თითის ანაბეჭდები აიღეს. ვეღარ ვგებულობდი მე ბრალდებული ვიყავი თუ დაზარალებული. ჩემზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. გამომძიებელს ხუთ წუთში ერთხელ ურეკავდნენ – ის ანგარიშს აბარებდა, რომ ქეთი ბექაური კაბინეტში დაკითხვაზე ჰყავდა. გამოძიებას, პროკურატურას არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ჩემი ავტომანქანა “ზონდერბრიგადებს“ შეეწირა. თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი მანქანა 28 მაისსაც დააზიანეს, მაშინ, როცა “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით რუსთაველის ძეგლთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტი გააპროტესტეს. ძეგლიდან პარლამენტის შენობისკენ მანიფესტაცია მოეწყო, რომელშიც ჩემს კოლეგებთან (შალვა შავგულიძე, იოსებ ბარათაშვილი, ზაზა ხატიაშვილი...) ერთად მონაწილეობა მივიღე.

როდესაც აქციიდან მოვტრიალდი, ჩემი მანქანა დაზიანებული იყო, მაგრამ რადგან საავადმყოფოში მიმეჩქარებოდა (მეგობრის დედა უმძიმეს მდგომარეობაში იყო), ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არც პოლიცია გამომიძახებია, დაზიანებული მანქანით გავიქეცი. როგორც ზემოთ გითხარით, ჩემი მანქანა მეორე დღეს, 29 მაისსაც დააზიანეს.

რამდენად უკავშირდება მანქანის დაზიანების ფაქტი მართვის მოწმობის ჩამორთმევას?

– ეს პირდაპირ კავშირშია. ოქტომბრის დასაწყისში, სანამ ბრიტანეთში წავიდოდი, ინგლისისა და უელსის ადვოკატთა საზოგადოების მიწვევით, პროკურორ მურად მნათობიშვილს დავურეკე და ვკითხე როდის აპირებდნენ ჩემს დაზარალებულად ცნობას და რატომ იყო გაჩერებული ჩემი ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება. ამას პასუხად მოჰყვა ის, რომ მეორე დღეს, შაბათს, ანუ უქმე დღეს, სახლში ფოსტალიონი მოვიდა და დიდი კონვერტი გადმომცა – საპატრულო დეპარტამენტიდან ერთ–ერთი სამმართველოს უფროსი მატყობინებდა, რომ 1 წლის ვადით მართვის უფლება ჩამომერთვა.

რის საფუძველზე ჩამოგართვეს მართვის უფლება?

– საფუძვლად ის იყო მითითებული, რომ თითქოსდა 23 ივნისს გამაჩერა რომელიღაც საპატრულო ეკიპაჟმა, კერძოდ, ვინმე ნადიბაიძემ, 20–ლარიანი ელექტრო საჯარიმო ქვითარი გამომიწერა, რომელიც თურმე მე არ გადამიხდია. ასევე არ გადამიხდია 150–ლარიანი საურავი და შემდეგი სანქცია უკვე მოგეხსენებათ, რომ არის მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა.

23 ივნისს საპატრულო პოლიციამ  მართლა გაგაჩერათ და დაგაჯარიმათ?

– მსგავი რამ არ მომხდარა. ჩემს ინტერესებს იცავენ ადვოკატები: მზია კოსტავა და ნათელა გოდერიძე. ამ ფაქტთან დაკავშირებით ისინი აწარმოებენ ადმინისტრაციულ საქმეს. მათ ვიდეოთვალის გადაღებული მასალა მოითხოვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს – “იქ სადაც ქეთი ბექაური გავაჩერეთ, ვიდეოთვალი არ არის და ვწუხვართ, რომ ამ მასალას ვერ გაწვდითო“. ჩემთვის რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ მათ სპეციალურად მიუთითეს ის ადგილი, სადაც ვიდეოთვალი არ არის. ჩვენ მოვიკითხეთ საჯარიმო ქვითარი, რომელიც თითქოსდა ჩამბარდა. აღმოჩნდა, რომ ამგვარი საჯარიმო ქვითარი ბაზაში არ არის.

თუ საპატრულო პოლიცია ცრუობს, მაშინ როგორ აფასებთ თქვენდამი ამგვარ დამოკიდებულებას?

– 29 მაისს, გამომძიებელ არჩილ ზალიაშვილს  ჩვენება მივეცი და ვუთხარი, რომ ეს არ არის უბრალო კრიმინალი და ქეთი ბექაურის ნივთის დაზიანება, ეს არის დევნა! ჩემი მრწამსის, საქმიანობისა და შეხედულებების გამო ხელისუფლება მდევნის. ჩემი აზრით, სიმბოლურია ის, რომ მედია–კავშირ “ობიექტივის“ წინ, ავტოსადგომზე გაჩერებულ ჩემს მანქანას ზედიზედ ორი დღე ამტვრევდნენ.

ამგვარი ფაქტი მესამედაც განმეორდა – იგივე სამართლებრივი შეფასებისთვის ქრისტიან–დემოკრატებმა ტრიბუნა დამითმეს და მეორე არხზე მიმიწვიეს. გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მანქანა დოლიძეზე გავაჩერე, 5 წუთით გადავედი და რომ დავბრუნდი, ავტომანქანას ორივე სარკე დაზიანებული ჰქონდა. რა თქმა უნდა,  საეთერო დროს ვერ ჩავაგდებდი, გადაცემას ვერ ჩავშლიდი, იქაც წამყვანის სტატუსით ვიყავი მიწვეულიდა ამიტომ, ტელევიზიასთან ამ დაზიანებული მანქანით მივედი.

გასაჩივრებული გაქვთ მართვის მოწმობის  ერთი წლით ჩამორთმევა?

– დიახ, ეს უკანონო ადმინისტრაციული აქტი ვანო მერაბიშვილის სახელზე გავასაჩივრეთ. 11 ოქტომბერს გულუას 10–ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობაში ჩემი საქმის პირველი ადმინისტრაციული მოსმენა გაიმართა. პატრულ ნადიბაიძის მიერ შედგენილი ახსნა–განმარტება წარმოადგინეს – ეს იყო ცრუ განმარტება, რომ თითქოსდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამაჩერეს. საჯარიმო ქვითარზე ჩემი ხელმოწერა არ არის, რაც ასე განმარტეს – “ქეთი ბექაურმა გვითხრა, ქალაქის მერის, უგულავას ღონისძიებაზე მივიჩქარი და ამიტომ, საჯარიმო ქვითარს ხელ ვერ მოვაწერო“.

რასაკვირველია, ესეც ტყუილია. ჩემს ადვოკატებს მოპოვებული აქვთ დოკუმენტი, რომ იმ დღეს უგულავას ორგანიზებით არანაირი ღონისძიება არ გამართულა და შესაბამისად, ვერც ვერავინ მიმიწვევდა. ამასთან, მე სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ და არასდროს ვყოფილვარ მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, მაგრამ მეტი ტყუილი მათ უბრალოდ, ვერ მოიფიქრეს.

3 დღის წინ შს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება მივიღე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩემი და ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც ჩვენ საქალაქო სასამართლოში ვასაჩივრებთ.

რა ეტაპზეა ლაშა არქანიას გახმაურებული საქმე?

– მოგეხსენებათ, რომ ლაშა არქანიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით კეკენაძემ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც წინ უძღვოდა მისი წამება. კეკენაძის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი გავასაჩივრეთ და 4 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო პალატაში სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა (სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა) დაგვიკმაყოფილა. მტკიცებულებები წარვადგინეთ, მაგრამ მათ მიღებაზე, საქმეზე დართვაზე და გამოკვლევაზე სასამართლომ უარი თქვა. სასამართლო სხდომა ძალიან ტენდენციურად მიმდინარეობს. მორიგი პროცესი 14 ნოემბერს, 16 საათზე ჩატარდება.

რომელი მოსამართლე იხილავს არქანიას საქმეს?

– განხილვა კოლეგიალურად ხდება, მაგრამ კოლეგიის თავმჯდომარე არის მარინა იმერლიშვილი.

არის თუ არა რაიმე სიახლე არქანიას წამების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაში?

– შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, ლაშა არქანიას წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 18 აგვისტოს დაიწყო. არქანიას წამების საქმეზე  დაიდო სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოკვლევის 90–გვერდიანი დასკვნა, რომელიც მოამზადა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია“. ამ დასკვნაში ლაშა არქანიას სხეულის დაზიანება შეფასდა, როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. უამრავ დიაგნოზთან ერთად დასკვნაში წერია, რომ არქანიას მიღებული ჰქონდა ქალა–ტვინის დახურული ტრავმა. ამასთან, ექსპერტიზამ ლაშა არქანიას სხეულზე, ორივე იღლიის არეში თერმული დამწვრობის კვალის არსებობა დაადასტურა, რომელიც ანთებული სიგარეტით არის მიყენებული.

ეს სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადასტურა?

– ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც ჩაატარა. თერმული დამწვრობის კვალი მათაც აღმოაჩინეს. ლაშა არქანია მისი წამების საქმეზე ორჯერ დაიკითხა.