პუტინის გრანდიოზული ხედვა: ახალი ევრაზიული ბლოკი ძველი საბჭოთა მეზობლებით

პუტინის გრანდიოზული ხედვა: ახალი ევრაზიული ბლოკი ძველი საბჭოთა მეზობლებით



რუსეთის პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებული, რესპუბლიკების კავშირის შექმნის ”ამბიციური” იდეით გამოდის.

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდება და მან უკვე გამოამზეურა ახალი გრანდიოზული ხედვა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის კალთის ქვეშ დაბრუნებას გულისხმობს.

პუტინმა ”ევრაზიული კავშირის” შექმნის იდეა წამოაყენა. ამ ბლოკმა უნდა განამტკიცოს რუსეთის გავლენა გლობალურ სცენაზე. ასეთი წინადადება იმ კაცისგან, რომელმაც ერთხელ საბჭოთა კავშირის დაშლას ”მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის იმპერიულ ჩანაფიქრებზე მიანიშნებს.

ევრაზიული კავშირი ბელორუსთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირს დაეფუძნება, ივარაუდა პუტინმა სტატიაში, რომელიც გაზეთ ”იზვესტიაში” დაიბეჭდა.

“ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და ამბიციურ მიზნებს ვისახავთ – გადავიდეთ უფრო მაღალი ხარისხსი ინტეგრაციაზე – ევრაზიულ კავშირზე,” წერდა ის. მოსალოდნელია, რომ კავშირს ტაჯიკეთიც და ყირგიზეთიც შეუერთდებიან.

ელოდა რა, რომ კრიტიკოსები მას ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაში დასდებდნენ ბრალს, პუტინმა განაცხადა: ”ჩვენ არ ვსაუბრობთ სსრკ-ს ხელახლა შექმნაზე რაიმე ფორმით. მიამიტური იქნებოდა იმის ასლის გაკეთება, ან აღდგენა, რაც წარსულში დარჩა, მაგრამ ახალი ინტეგრაცია დაფუძნებული ახალი ღირებულებების, პოლიტიკისა და ეკონომიკის საფუძვლებზე აუცილებელია.”

მან დასძინა „ჩვენ საბჭოთა კავშირიდან დიდი მემკვიდრეობა მივიღეთ – ინფრასტრქუტურა, არსებული სამრეწველო სპეციალიზაცია, საერთო ენობრივი, სამეცნიერო და კულტურული სივრცე. ამ რესურსების ერთობლივი გამოყენება ჩვენი განვითარებისათვის, ჩვენს საერთო ინტერესებში შედის.”

პუტინს, მოსკოვის ეგიდით უამრავი ისეთი ჯგუფი აქვს შექმნილი. მათი მიზანი იმ ძალაუფლების შენარჩუნებაა, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დაკარგა. ამ ბოლო წლებში მან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე გადაიტანა აქცენტი და ცდილობდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს რუბლი რეგიონალურ ვალუტად ეღიარებინათ.

2009 წელს რუსეთმა ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირი შექმნა. მომავალ წელს ეს კავშირი ”გაერთიანებულ ეკონომიკურ ზონად” უნდა გადაიქცეს და გააუქმოს მუშა ხელისა და კაპიტალის მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები.

პუტინი ამბობს, რომ ევრაზიის კავშირი ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეს.

”ჩვენ გთავაზობთ ძლევამოსილი, ზენაციონალური კავშირის შექმნას, კავშირისა, რომელიც შეძლებს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ საყრდენ სვეტად იქცეს” – წერდა ის სტატიაში.

ეს მძიმე ბრძოლა იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, ევროკავშირის ერთობლივი მშპ, შარშან $16 ტრილიონს უდრიდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებისა, ანუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების არაფორმალური კავშირისა, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნები არ შედიან, სულ $1.9 ტრილიონს. პუტინი მთელი ძალით ცდილობდა აღეწერა მომავალი კავშირი ისეთ ღია პროექტად, რომელშიც არავის ”დააძალებენ და დააჩქარებენ” შესვლას.

მან უკრაინა არც თუ ისე შენიღბულად გააკრიტიკა იმისთვის, რომ ის უფრო ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს, ვიდრე რუსეთთან კავშირის განახლებას.

”ზოგიერთი ჩვენი მეზობლის განმარტებით, ისინი იმიტომ იკავებენ თავს დაჩქარებულ საინტეგრაციო პროცესში მონაწილეობისგან, რომ ეს, მათი თქმით, წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ არჩევანთან,” წერდა პუტინი.

”ეს ყალბი დაპირისპირებაა. ევრაზიული კავშირი აშენდება ინტეგრაციის უნივერსალურ პრინციპზე, როგორც უფრო დიდი ევროპის შემადგენელი ნაწილი, გაერთიანებული თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო კანონების საერთო ღირებულებების გარშემო.”

არადა, ორ წევრს, რომელიც უნდა იქცეს ევრაზიული კავშირის საფუძვლად, ხშირად აკრიტიკებენ დემოკატიის დეფიციტის გამო. ბელორუსს, მაგალითად უწოდებენ ”ევროპის უკანასკნელ დიქტატურას.”

სტატია პუტინის პირველი საერთაშორისო პოლიტიკური განცხადებაა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის მომავალ წელს პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება და შესაძლოა მომავალი 12 წლით ხელისუფლებაში დარჩეს.

ფიოდორ ლუკიანოვმა, რუსული გამოცემის ”რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” რედაქტორმა განაცხადა: ”საკმაოდ ღირშესანიშნავი იქნება თუ პუტინი ამით დაიწყებს.

ამ იდეის მიღმა ლოგიკა ძირითადად ეკონომიკურია და ამ თვალსაზრისით ის განსხვავდება წინა მცდელობებისგან, რომლებიც ან პოლიტიკური იყო, ან დეკორატიული და ამით ადასტურებდა რუსეთის ლიდერობას”.

შესაძლოა ეს ნაბიჯი იმით იმედგაცრუების ნიშანიც იყო, რომ რუსეთი უკვა 18 წელია ვერ ახერხებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, განაცხადა ლუკიანოვმა. „საბაჟო კავშირი აშკარად იყო პუტინის პასუხი წლების განმავლობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ამაო მცდელობაზე – თუ გლობალური ინტეგრაცია არ გამოდის, მოდი დავუბრუნდეთ რეგიონალურს.”

foreignpress.ge