ზუგდიდში ადამიანის წამებისათვის პოლიციის უფროსი გაასამართლეს

ზუგდიდში ადამიანის წამებისათვის პოლიციის უფროსი გაასამართლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოს ზედაეწერის ქვეგანყოფილების უფროსს, ლაშა ექონიას რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 1 თვით მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ეჭვიანობის ნიადაგზე 26 წლის მოქალაქის, ალექსანდრე სართანიას მიმართ ჯგუფურ ცემაში, წამებასა და სიკვდილის პირამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

ლაშა ექონია დანაშაულს არ აღიარებს.  პოლიციის უფროსის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ე ქვეპუნქტებით კვალიფიცირდება, თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. დაზარალებულის ოჯახი სწორედ ექონიას მიმართ სასჯელის მინიმალური ზომით განსაზღვრას აპროტესტებს, რადგან წამებაში მონაწილე სხვა პოლიციელები ამ დრომდე არ დასჯილან.

სართანიას დედის, მადონა ხვიჩიას ინფორმაციით სხვა პირთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს ზუგდიდის პროკურატურა ცალკე საქმედ აწარმოებს.

„სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის პროკურატურას მივაკითხე და პროკურორის მოადგილესთან, ნუგზარ მღებრიშვილთან ჩემი უკმაყოფილება გამოვხატე. მასთან საუბარში ჩემი შვილის გატაცებასა და წამებაში მონაწილე ორი პოლიციელის მიმართ გამოძიების მასალებში გარკვევა და მათი დაპატიმრება მოვითხოვე. მღებრიშვილმა განმიმარტა, რომ დანაშაულში მონაწილე პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინ არის. ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრეს წამებაში ზედაეწერის ქვეგანყოფილების თანამშრომლები, გოგია და შენგელია მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი კი ექონიას ნათესავია. გოგია ჩემმა შვილმა პროკურორის მიერ წარდგენილ ფოტოზეც ამოიცნო. დაზუსტებით ვიცით, რომ გოგია თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ ქვეგანყოფილებაშიც არ გამოჩენილა. რატომ არ მოხდა ამ საქმის გამოძიება ბოლომდე და რატომ აგვიანებს პროკურატურა დამნაშავე პოლიციელების დასჯას, ჩემთვის უცნობია.“-აცხადებს მადონა ხვიჩია.

დაზარალებულის დედა სასამართლო განხილვების მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულის ნათესავების მხრიდან მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხორავამ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა, სასამართლოს შენობის წინ ექონიას ნათესავები გააქტიურდნენ და ჩვენი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებასა და ლანძღვა-გინებას შეუდგნენ. ლაშა ექონიას ბიძაშვილმა კი პირდაპირ განმიცხადა, ჩათვალე რომ, შენი შვილი დღეიდან მკვდარიაო.“ - განმარტა მადონა ხვიჩიამ.

სართანიების ოჯახი და თავად დაზარალებული ბრალდებებს ლაშა ექონიას მეუღლის, სოფო ბიგვავას მიმართაც გამოთქვამენ. დაზარალებულის სტატუსით სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისულმა ალექსანდრე სართანიამ მის წამებაში თანამონაწილედ სოფო ბიგვავაც დაასახელა.

„მაშინ, როცა ზედაეწერის ტყეში ხეზე ქამრით მიბმულს მაწამებდნენ, ბიგვავამ მითხრა, თვალებსაც დაგთხრიო.“-აღნიშნა სართანიამ.

დაზარალებულის დედა სოფო ბიგვავას მიმართ საექიმო ლიცენზიის შეჩერებასაც მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ „ჰუმანური პროფესიის ადამიანები წამებაში არ მონაწილეობენ და არც სხვას მიუთითებენ არაადამიანური მოპყრობისკენ. ბიგვავამ კი, რომელიც მელიას კლინიკა „გულში“ დღესაც საქმიანობს, ზედაეწერის ტყიდან დაბრუნებულზე პაციენტების მიღება  მშვიდად განაგრძო.“

2011 წლის 25 ივნისს მომხდარი დანაშაულის შესახებ, რომლის დროსაც ალექსანდრე სართანიამ  ჯანმრთელობისათვის მძიმე ტრამვები მიიღო, presage.tv  უკვე წერდა.(http://www.presage.tv/?m=society&AID=5514) მიყენებული დაზიანებების სიმძიმე დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. სართანია მკურნალობას დღემდე განაგრძობს.

ბრალდებულის ადვოკატები, ბაჩუკ ყურაშვილი და პაატა ქირია კი მოსამართლეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ექონიას მიერ განვლილი გზისა და საქმიანობის გათვალისწინებას სთხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ „ლაშა ექონია მსხვერპლია. ბნელმა ძალებმა ხელიდან არ გაუშვეს შანსი შეებღალათ ჩვენი რეგიონისა და პოლიციის რეპუტაცია“, თუმცა,  ვინ დგას ამ „ბნელი ძალების უკან“ ადვოკატებს არ განუმარტავთ.