მილიარდერმა მაგნატმა ქართული პოლიტიკა შეძრა

მილიარდერმა მაგნატმა ქართული პოლიტიკა შეძრა

მას ხან დრაკულას, ხან კეთილ ჯადოქარს და ხანაც ბეტმენის მდიდარ, ფილანტროპ ალტერ-ეგო ბრიუს ვეინსაც კი ადარებენ.

მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ერთ წელიწადში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებიდან მოშორებაზე ფიქრობს.

მაგრამ, ხომ არ ცდილობს მთავრობა მარათონიდან მის ჩამოშორებას?

გასულ თვემდე ის გასაიდუმლოებული ფიგურა იყო, გადამალული თავის ჯეიმს ბონდის სტილის მოდერნისტულ მინისა და ლითონის სასახლეში, რომელიც ვერტმფრენის მოედნით სრულდება და ფერდობიდან საქართველოს დედაქალაქს გადაჰყურებს.

არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს, ძალიან იშვიათად ჩანდა საზოგადოებაში და დიდწილად ცნობილი იყო იმით, რომ ხელოვნების დარგს და ისეთ საჯარო შენობებს აფინანსებდა, როგორიცაა თბილისის უზარმაზარი მართლმადიდებლური კათედრალი.

მის შესახებ  ცნობილი ბევრი არაფერი იყო. გარდა იმისა, რომ ხელოვნების ნიმუშთა გრანდიოზული კოლექცია აქვს, მათ შორის პიკასოს, ლიჰტენშტეინისა და ჰენრი მურის ნამუშევრები; რომ ფული რუსეთის რკინის საბადოების წარმოებაში 1990-იან წლებში იშოვა; და რომ მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული (3.46 მილიარდი ევრო) , რაც ქართული ეკონომიკის მთლიანი ღირებულების დაახლოებით ნახევარია.

თუმცა საიდუმლოების ნისლი ნელ-ნელა იფანტება. ოქტომბერში, ივანიშვილი მოულოდნელად ყურადღების ცენტრში მოექცა, განაცხადა რა, რომ მომავალი წლის არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას დაამარცხებს.

„მე პოლიტიკაში ჩემი ქვეყნის გადასარჩენად მოვედი და არა სააკაშვილის გამოწვევისთვის“, – უთხრა მან BBC-ს ინტერვიუს დროს თავის მდიდრულ შტაბ-ბინაში თბილისში, როდესაც თავის მრავალმილიონიან კოლექციას გვათვალიერებინებდა.

„დიქტატორული მეთოდები“

ხელისუფლებამ ამას ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით უპასუხა, რითაც პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლა მას კანონით აეკრძალა.

ბ-ნ ივანიშვილს რუსული და ფრანგული პასპორტებიც აქვს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. დღემდე, ბ-ნ სააკაშვილს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიციამ ივანიშვილის ბანკის თანამშრომლები დააკავა და ფულის გათეთრების ბრალდებით ბანკის კუთვნილი ავტომანქანიდან 2 მილიონი დოლარისა და ერთი მილიონი ევროს კონფისკაცია მოახდინა.

ბ-ნი ივანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს აღკვეთოს მისი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა.

„ეს იმის მაჩვენებლია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო და უფრო ავტორიტარული მთავრობის პირობებში, სადაც სააკაშვილს შეუძლია კანონზე მაღლა იდგეს. სინამდვილეში, კანონი ის არის. ჩვენ უკვე ვგრძნობთ მზარდი დიქტატორული რეჟიმის სურნელს“.

მმართველი პარტია უარყოფს ბრალდებას, თითქოს ივანიშვილს დევნიან. მმართველი პარტიის დეპუტატის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლება უბრალოდ ქართული კანონმდებლობის თანახმად მოქმედებს.

„მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გაუუქმდა“, – განმარტავს ბ-ნი წერეთელი და დასძენს, რომ ბ-ნი ივანიშვილის ბანკის ფულის კონფისკაცია გამოძიების შედეგი იყო.

„ბანკის განმარტებით, ეს [ფული] ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი, რაც ძალიან საეჭვოა. საქართველოს კანონდმებლობის თანახად, ხელფასები მხოლოდ ქართულ ვალუტაში უნდა გაიცეს“.

„კრემლის პაიკი“

მმართველი პარტია ასევე დარწმუნებულია, რომ ბ-ნი ივანიშვილი, რომლის ბიზნესიც დიდწილად რუსეთშია, კრემლის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. არგუმენტი ის არის, რომ ნებისმიერს, ვინც რუსეთში პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პირობებში ქონებას ინარჩუნებს, მოსკოვის მხარდაჭერა აქვს.

„მისი ქონება რუსეთშია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთს მასზე ზემოქმედების ძლიერი ბერკეტები აქვს. მას ძალიან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს პუტინთან და ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ზემოქმედების ბერკეტად“, – ამბობს ბ-ნი წერეთელი.

ზოგიერთი ნაციონალი დეპუტატი მმართველი პარტიიდან კიდევ უფრო შორს მიდის. ისინი ივანიშვილს ბრალს სდებენ იმაში, რომ იგი პაიკია კრემლის მიერ მხარდაჭერილ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც საქართველოს მთავრობის შერყევა და პუტინის მტრის, სააკაშვილის დამხობაა.

ისინი ივანიშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მას „რუსული ფულით საქართველოს მომავლის ყიდვა“ უნდა.

მაგრამ მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილის პრო-რუსად წარმოჩენა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების თვალში მისი დისკრედიტაციის მარტივი ტაქტიკაა.

ზოგიერთ უფლებადამცველს მიაჩნია, რომ რომ ეს სააკაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან ძალაუფლების მონოპოლიზების უახლესი მაგალითია. საქართველოს მთავარი ნაციონალური ტელეარხები ცალსახად პრო-სამთავრობოა. სასამართლოც მთავრობის კონტროლისგან საკმარისად თავისუფალს არ გავს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, ივანიშვილის საქმე ცხადყოფს, რომ მთავრობა ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად.

„მათი გზავნილის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მთავრობის გუნდს არ განეკუთვნება, განადგურდება, და ეს გაკეთდება ისეთი მეთოდებით, რომლებსაც კანონთან კავშირი არა აქვს. ხელისუფლებაში მოსვლის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება სასტიკი საპასუხო დარტყმა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელსაც უამრავი ფული აქვს ამ ფულის გამოყენებას მთავრობის წინააღმდეგ შეეცდება“.

ცვალებადი პოლიტიკა

ივანიშვილმა, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთიან სოფელში ცხოვრობდა, სიღარიბეს თავი დააღწია, რეგიონის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა და დღეს საკმარისი ფული იმისთვის, რომ გავლენა ჰქონდეს. მაგრამ ქართული პოლიტიკა არაპროგნოზირებადია.

ბ-ნი ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია ქაოსში გადაიზარდა, რადგან ჟურნალისტები გაჰყვიროდნენ და მიკროფონს ერთმანეთს ხელიდან აცლიდნენ.

მაშ ასე, ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, და სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ეს მშვიდად მოსაუბრე ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი იმ ბრძოლასთან გამკლავებას, რომელიც უდაოდ უფრო ხმაურიანი გახდება.
foreignpress.ge