მავთულხლართების გაბმის შედეგად რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, "ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუარესება შეინიშნება და ქართული მხარე ამ საკითხს ყველა საერთაშორისო ფორმატზე ინტენსიურად დააყენებს".
"2012 წლის ბოლოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გაკონტროლების მიზნით სრულმასშტაბიანი შემზღუდავი ზონები დააწესეს, რითაც საგრძნობლად შეზღუდეს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გადაადგილების, ჯანდაცვის, საკუთარ ენაზე განათლების მიღების და სხვა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის უფლებები. სამწუხაროდ, მსგავს შემზღუდავ რეჟიმს თავი ვერც არასრულწლოვნებმა და დაუცველმა მოსახლეობამ დააღწია, პირველ რიგში, მათ, ვინც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და ნაკვეთებზე მავრთულხლართების გაბმა. დღეისთვის მავრთულხლართები გაბმულია გორის რაიონში, სოფლებში დიდ ხურვალეთში, გუგუთიანთკარში და ქვემო ნიქოზში, ასევე ქარელის რაიონის სოფლებში თამარაშენში, დვანში და არტოსში. მავთულხლართების გაბმის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის სამეურნეო, თუ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებას ვერ ახერხებს. 18 ოჯახიდან, რომელთაც ეს პრობლემა შეეხოთ და რომელთა ეზო ორად იქნა გაყოფილი, რამდენიმე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელიც კი დაეტოვებინა", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მდგომარეობის სიმწვავიდან გამომდინარე, ქართულმა მხარემ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 23-ე რაუნდზე და ასევე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უკვე დააყენა.
ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, საგანგაშო მდგომარეობაა აფხაზეთის მიმართულებითაც.
"მხოლოდ ნოემბერ-დეკემბრის თვეში ოთხი ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთაზე უარი უთხრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. 15 აპრილიდან დაწყებული რუსეთის საოკუპაციო ჯარი ნაბაკევის სოფლის მცხოვრებ ადგილობრივი სკოლის მოწაფეებს და მასწავლებლებს ფახულანში მდებარე სკოლაში გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მარტის დასასრულს, თანხის გამოძალვის მიზნით გატაცებული იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის მცხოვრები გოგიტა კვარაცხელია, რომელიც, სამწუხაროდ, 11 აპრილს გალის რეგიონის სოფელ თაგილონში მოკლული იპოვეს", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ჩამოთვლილი შემაშფოთებელი ფაქტები ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას მოწმობს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების გარდაუვალ საჭიროებას, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების აღდგენის აუცილებლობას.