მცირე ბიზნესისთვის გამოყოფილ ფართებს მსხვილი ბიზნესი იკავებს
თბილისის მერია წლის ბოლომდე ქალაქში ათასამდე განახლებული ჯიხურის ჩადგმას აპირებს. ამისთვის 6 აუქციონია ჩანიშნული. ჯიხურის ჩასადგმელი მიწის ფასი ათასი ლარიდან იწყება. მიწა 5-წლიანი იჯარით გაიცემა.
დედაქალაქის მერიის ოფიციალური პოზიციით, ეს პროექტი მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის კეთდება, თუმცა, პროექტის განხორციელების მეთოდები, საპირისპირო დასკვნების საშუალებას იძლევა. აუქციონის მეთოდით აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გასხვისება, ნიშნავს იმას, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს კონკურენციაში შესვლა გაცილებით ძლიერი ფინანსური შესაძლებლობების ჯგუფებთან მოუწევს. ანუ, შანსი იმის, რომ დედაქალაქის მერიის ახალი ინიციატივით მცირე მეწარმეები ისარგებლებენ, ძალიან მცირეა.
უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მერიის ამგვარი ინიციატივები, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო შედეგით სრულდება. გავიხსენოთ თუნდაც `ნუგეშის~ პროექტი. დედაქალაქის შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების მოტივით მერიამ `ნუგეშის~ ქსელს ერთგვარად სასათბურე პირობები შეუქმნა. `ნუგეშში~ საქონლის შეძენა კი მხოლოდ სპეციალური სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს შეეძლოთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქსელმა ფუნქციონირება დაიწყო, ეს შეზღუდვა მოიხსნა და `ნუგეში~ ჩვეულებრივ სავაჭრო პუნქტად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ეს ქსელი სხვა მცირე მასშტაბების მაღაზიების კონკურენტი გახდა. დაბალი ფასები, ამ შემთხვევაში ქსელის მარკეტინგულ სტრატეგიად უნდა ჩავთვალოთ. დაბალი ფასებით ბაზარზე ოპერირება მარკეტინგის ძალიან წარმატებული ხერხია, მით უფრო, როცა გაქვს ისეთი პირობები, როგორიც სხვას არ აქვს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ტროტუარებზე ვაჭრობის ექსკლუზიური უფლება და უფასო რეკლამა, რომელსაც მერია ქსელს უკეთებს.
მერიის ბოლო ინიციატივა, დედაქალაქის ტერიტორიაზე 1000 ახალი ჯიხურის დადგმის შესახებ, გულისხმობს იმას, რომ ამ ჯიხურების მფლობელებიც ისეთივე ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვა სავაჭრო ობიექტებთან კონკურენციაში, როგორც `ნუგეშის~ ქსელის მაღაზიები. აუქციონის წესით, ამგვარი უპირატესობის გაყიდვა კი აუცილებლად გამოიწვევს მსხვილი კომპანიების ინტერესს. შესაბამისად, მსხვილი კომპანიები, რომლებიც უკეთესს პირობებში იქნებიან, შევლენ კონკურენციაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაც ამ უკანასკნელების გარდაუვალ მარცხს ნიშნავს. ერთი სიტყვით, მერიის ახალი პროექტით, დედაქალაქში მცირე ბიზნესი კიდევ უფრო შევიწროვდება.
მოვლენების ზემოთხსენებული სცენარით განვითარება უკვე დაიწყო. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ პირველ აუქციონში, წინასწარი ინფორმაციით, უმეტეს ობიექტებზე მსხვილმა ფინანსურმა ჯგუფმა `ნუგეშმა~ გაიმარჯვა. შემდეგ აუქციონებში, ალბათ, `კოკა კოლას~ ბრენდი გაიმარჯვებს, კომპანიის მფლობელმა თემურ ჭყონიამ უკვე გამოთქვა ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი.
ერთი სიტყვით, საქართველოში ბიზნესების გამსხვილება გრძელდება. მთავრობა კი, რომელიც ოფიციალურად თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ქადაგებს, ყოველნაირად ზღუდავს კონკურენციის შესაძლებლობას ბაზრის პრაქტიკულად ყველა სეგმენტში და ისეთ ინიცირებებს ახდენს, რომ ხელს უწყობს მონოპოლიების ჩამოყალიბებას. ასე მოხდა დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის გატარების დროსაც, როდესაც მთელი სატრანსპორტო სისტემა ერთ კომპანიას ჩააბარეს.
არავისთვისაა უცხო, რომ მსგავს სასათბურე პირობებს ჩვეულებრივ მოკვდავებს არ უქმნიან. იგივე `ნუგეშის~ ქსელი პარლამენტარ არჩილ გეგენავას ინტერესებთან ასოცირდება. საგულისხმოა ისიც, რომ `ნუგეშის~ ქსელში მხოლოდ იმ პროდუქტის რეალიზება ხდება, რომელსაც გეგენავას სახელთან ასოცირებული კომპანიები აწარმოებენ. ამგვარი კომპლექსური მონოპოლიები ჩვენს ქვეყანაში დღითი დღე შლიან ფრთებს და ბაზრის ყველა სეგმენტში გვევლინებიან.