ყველა დემოკრატი, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს იგი, აქ, სტრასბურგში, სასურველი სტუმარია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა , ჟან კლოდ მინიონმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარი ჟან კლოდ მინიონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კითხვა საქართველოს ახალი მთავრობასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე დაუსვეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, "სააკაშვილი თქვენი მეგობარი იყო და მის მიმართ ისე კრიტიკული არ იყავით, როგორც ახალი მთავრობის მიმართ. კონკრეტულად რას ელოდებით ახალი მთავრობისგან?!", - ჟან კლოდ მინიონმა აღნიშნა, რომ მას მეგობრები არ ჰყავს.
"უპირველეს ყოვლისა, მე ვარ დემოკრატი და ამ დროისთვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. მე ვიღებ სტუმრებს, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თუ მინისტრები. როდესაც პრემიერ-მინისტრი დატოვებს სტრასბურგს, თქვენ შეგეძლებათ თქვათ, რომ ისიც ჩემი მეგობარია. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ მეგობრულ გარემოში ჩაიარა და გულითადი საუბარი შედგა. ყველა დემოკრატი, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს იგი, აქ, სტრასბურგში, სასურველი სტუმარია. მე არ გამოვხატავ აზრს იმ არჩევანზე, რომელსაც ევროპელები აკეთებენ თავისუფალი არჩევნების გზით. საჭიროდ არ ვთვლი, მივცე შეფასება იმ არჩევანს, რომელიც ქართველებმა გასულ წელს გააკეთეს. ამის გაკეთება საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ან ევროპის საბჭოს კომპეტენცია არ არის. ყოველ წელს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ, დემოკრატიის სახლში. თქვენ აქ შეგიძლიათ იყოთ, როგორც საკუთარ სახლში", - განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა.
ერთობლივი განცხადებების ამსახველი ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.