მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიას საქმესთან მიმართებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ ამერიკელ მრჩეველს ჯეფრი სილვერმანს დაკითხავს .
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა და იქვე განმარტა, რომ სილვერმანის ჩვენებებიდან გამომდინარე მოხდება იმ ინფორმაციის გადამოწმება, რაზეც სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი გაზეთ "ყველა სიახლესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
"ინტერვიუში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს, თუმცა მისი განცხადება უწყებაში ჯერ შემოსული არ არის. განცხადების შემოტანამდე მისი დაკითხვა არ მომხდარა, მაგრამ წესით და რიგით, უნდა დაიკითხოს. მე, შესაბამისი მითითება არ გამიცია, მაგრამ ვფიქრობ, ამას გამომძიებელი თვითონ გააკეთებს. მისი ჩვენებებიდან გამომდინარე მოხდება იმ ვერსიების გადამოწმება, რომელიც ინტერვიუშია გაცხადებული. ესაა ის, რასაც ითვალისწინებს კანონი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა გამოძიებას ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში არსებული მტკიცებულებების FBI-ის აგენტის მიერ განადგურების შესახებ, რაზეც ინტერვიუში სილვერმანი საუბრობს, მთავარი პროკურორი აღნიშნულზე კომენტირებისგან თავს იკავებს.
"ამის შესახებ პასუხი არაკორექტული იქნება. მე ბევრი რამ სმენია, მაგრამ თავს ავარიდებ ამ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის ჯეფრი სილვერმანის მტკიცებით, "ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები გაანადგურეს".
გაზეთ "ყველა სიახლესთან" რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში სილვერმანი უშუალოდ იმ პირსაც ასახელებს, ვინც, მისივე მტკიცებით, აღნიშნული ჩაიდინა.
"მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები. კერძოდ, აგენტმა ბრაიან კარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა", - აცხადებს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი.