აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იერუსალიმში საპატრიარქოდან 90-მდე მომლოცველი გაემგზავრება, თუმცა ვიზებს სხვა ფირმები და მომლოცველთა ჯგუფები ისევ ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ნანა ბუაძემ განუცხადა, ვიზების მიღებაში მათ საქართველოში ისრაელის საელჩო დაეხმარათ. კერძოდ, ისრაელის საელჩომ საპატრიარქოს სიაში არსებულ მომლოცველებზე ინდივიდუალური ვიზები გასცა.
"საპატრიარქოს მომლოცველთა სამსახურს ვიზების მისაღებად პრობლემები არ ქონია. ამ ეტაპზე, ჯგუფური ვიზა აღარ გაიცემა და ინდივიდუალური ვიზა საელჩოში გაიცა", _ აღნიშნა ნანა ბუაძემ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯგუფურ ვიზებზე თანხმობას ისრაელის შსს გასცემდა. კერძოდ, ქართული ტურისტული ფირმები ისრაელში ჩამსვლელთა სიებს იქ არსებული პარტნიორი ტურისტული კომპანიების მეშვეობით ისრაელის შსს-ს უგზავნიდნენ.
საპატრიარქოდან მომლოცველთა ჯგუფი აღდგომის დღესასწაულზე ისრაელში 30 პარილს 21 საათზე გაფრინდება.
ამასთან, "ინტერპრესნიუსი" "წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მომლოცველთა ჯგუფსაც" დაუკავშირდა, საიდანაც აცნობეს, რომ მათ განაცხადებზე პასუხი არ მიუღიათ და ერთი უწყებიდან მეორეში ამისამართებენ.
ჯგუფის ხელმძღვანელის მარინა კვანტალიანის განცხადებით, მათ 24-კაციანი მომლოცველთა ჯგუფის სია ისრაელში პარტნიორ ტურისტულ ფირმას გადაუგზავნეს, რომელმაც თავის მხრივ ისრაელის შსს-ს გადაუგზავნა. ერთკვირიანი განხილვის შემდეგ მათ გუშინ მიიღეს პასუხი, რომ ვიზები საქართველოში ისრაელის საკონსულომ უნდა გასცეს. ამის მიუხედავად, საკონსულომ კვლავ მოითხოვა, ისრაელის შსს-ს დაუკავშირდნენ.
"ჩვენი პარტნიორი ფირმა ისრაელში აპირებს განმარტების მისაღებად საქართველოში ისრაელის საელჩოს მიმართოს. ჩვენ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. ისრაელში 15-მდე პილიგრიმული ტური გვაქვს მოწყობილი და დარღვევაც არასდროს არ გვქონია. ამჯერად ტურში რამდენიმე სასულიერო პირი არის და 8 ისეთი მომლოცველიც გვყავს, რომლებიც არაერთხელ არიან ისრაელში ჩასული. ვაპირებთ, საკონსულოში გავარკვიოთ, რატომ ყოვნდება მათთვის ვიზები", - აღნიშნა მარინა კვანტალიანმა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" ტურისტულ კომპანია "მოგზაურთა კლუბში" განუმარტეს, რომ ჯგუფურ ვიზებზე თანხმობას ისრაელიდან ელოდებიან. ამისთვის განაცხადი მათ აპრილის დასაწყისში გადააგზავნეს და იმედოვნებენ, რომ პასუხი დადებითი იქნება.