სამეგრელოში მოქმედი თითებზე ჩამოსათვლელი ჟურნალისტებიდან ერთ–ერთი, ილია ჩაჩიბაია თბილისში გადმოვიდა და აქედან გააგრძელებს თანამშრომლობას გაზეთ “ასავალ–დასავალთან“ და ამასთან, ოთხშაბათობით მედია–კავშირ “ობიექტივის“ სტუდიიდან წაიყვანს გადაცემას, რომელიც ძირითადად რეგიონებში არსებულ პრობლემებს შეეხება.
იმაზე, თუ რა გახდა ზუგდიდიდან თბილისში გადმოსვლის მიზეზი, ამაზე თავად ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გვესაუბრა, რომელიც ჟურნალ “ღია ბოქლომის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია.
რატომ გადმოხვედით სამუშაოდ ზუგდიდიდან თბილისში?
ილია ჩაჩიბაია: ზუგდიდში ჩემზე და ჩემს რედაქციაზე გარკვეული ზეწოლები ადრეც იყო, რის შესახებაც სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად თქვენც გაგიშუქებიათ, მაშინ, როცა “რეზონანსში“ მუშაობდით. თქვენ გახსოვთ, რომ დაგვაკავეს კიდეც, რედაქციაში არაერთხელ მოგვივარდნენ, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც იყო, მაგრამ პირადად ჩემთვის ზეწოლის ამგვარი ფაქტები დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან კანონს არ ვარღვევდი, არაფერს ვაშავებდი და სიმართლეს ვემსახურებოდი. შესაბამისად, მათი არასდროს მეშინოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემი ოჯახის წევრებზე თავდასხმები გახშირდა. ამასთან, ისინი სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
რა მიუთითეს გათავისუფლების საფუძვლად?
– არც არაფერი. დედა პედაგოგია. ის სამსახურიდან ყოველგვარი მითითების გარეშე გაათავისუფლეს –“შტატში არ გვჭირდებითო“ და ხელშეკრულება გააუქმეს. ახლახანს ჩემი ძმა დაითხოვეს სამსახურიდან. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ეუბნებოდნენ და აიძულებდნენ უზრუნველეყო, რომ კრიტიკული სტატიები აღარ დამეწერა, ჩემი პროფესიული მოვალეობა შემერბილებინა და საერთოდ გავჩერებულიყავი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო.
რას გეუბნებოდათ თქვენი ძმა?
– ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სამსახურიდან სთხოვდნენ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინა, მაგრამ მან ამის გაკეთება ვერ იკადრა – უბრალოდ, თავის ადამიანურ ღირსებას ვერ გადააბიჯა, რის შედეგადაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და ქუჩაში დატოვეს.
იყო ფაქტები, როდესაც ჩემს საცხოვრებელ სახლში გარკვეული პირები მოიჭრნენ და ქვებით ფანჯრები ჩალეწეს, მაშინ, როცა მეც სახლში ვიყავი; უცებ წამოვიდა ქვების ნიაღვარი. პირველ სართულზე ვცხოვრობ და როცა ქვები მოდის და ფანჯრები ილეწება, რა თქმა უნდა, გარეთ ვერ გაიხედავ და ამიტომ, შევეცადე, რაც შეიძლება სწრაფად გამოვსულიყავი სადარბაზოდან და მენახა ვინ ახორციელებდა ამ ქმედებას, მაგრამ ამასობაში, “ნივის“ მარკის ავტომანქანა, რომელში მსხდომებიც ქვებს ისროდნენ, უცებ გაუჩინარდნენ. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ფანჯრები რამდენიმეჯერ ჩალეწილი დამხვდა.
ყველა ამ ფაქტის ირგვლივ არის თუ არა ინფორმირებული, როგორც ამჟამინდელი სახალხო დამცველი, ისე მისი წინამორბედი?
– ამ ყველაფრის ირგვლივ სახალხო დამცველს თავიდან საქმის ვითარებას ვაცნობდით, მაგრამ რადგან სახალხო დამცველის მიერ საქმით დაინტერესებას დღემდე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ამ უაზრო წერა–კითხვითა და ახსნა–განმარტებებით პირადად მე დავიღალე და უკვე დიდი ხანია სახალხო დამცველისთვის აღარ მიმიმართავს.
ჩემზე განხორციელებული ზეწოლისა და ჩემი ოჯახის წევრების სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს მოჰყვა ჩემს ოჯახში პოლიციისა და კუდის შეიარაღებული თანამშრომლების მივარდნა და მუქარა – “თუ არ გაჩერდება, ამას ვუზამთ, იმას ვუზამთო...“ დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაბამისად, ვერ დავუშვებდი, რომ ეს ყველაფერი გაგრძელებულიყო.
ხელისუფლების გარკვეული სტრუქტურებიდან ძალიან ხშირად მოდიოდა ინფორმაცია, რომ თუ სამეგრელოს არ დავტოვებდი, დამაკავებდნენ. ეს ინფორმაცია დიდი ხნის წინ მქონდა. დღემდე არავის დავუკავებივარ და არა მგონია მსგავსი რამ გაბედონ.
სამეგრელო ამის გამო არ დამიტოვებია. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ დედაქალაქიდან უფრო თავისუფლად შევძლებ საზოგადოებისთვის საინტერესო იმ ფაქტების გაშუქებას, რომელიც სამეგრელოში ხდება.
ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ თქვენი ოჯახის წევრებს აღარ მიუვარდებიან?
– ბუნებრივია, ამის გარანტია არ მაქვს, მაგრამ არც იმის გაკეთება შემიძლია, რომ წერას თავი დავანებო. მით უმეტეს, სიმართლე ჩემს მხარესაა, არაფრის მეშინია, სიკვდილისაც აღარ მეშინია. მეტი სხვა რითი უნდა შეაშინო ადამიანი?! ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ყველა ადამიანმა თავისი საქმე პირნათლად უნდა აკეთოს. მეც, როგორც ერთი რიგითი ქართველი, ასე ვიქცევი და ასე ვაპირებ გავაგრძელო.
თბილისში კონკრეტულად რომელ მედია–საშუალებაში გააგრძელებთ საქმიანობას?
– გაზეთ “ასავალ–დასავალთან“ თანამშრომლობას გავაგრძელებ და მედია–კავშირ “ობიექტივში“ მომდევნო კვირიდან ყოველ ოთხშაბათს, 21.20 წუთზე წავიყვან გადაცემას, რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, რომლის სტუმრები იქნებიან, როგორც რეგიონების წარმომადგენლები, ისე თბილისში მყოფი, ამ სფეროში ჩახედული უფლებადამცველები და პოლიტიკოსები.