საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს აბიტურიენტებთან ერთად იგალობა. უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტები დალოცა და იქადაგა. ილია მეორემ მომავალ სტუდენტებს ღვთის წყალობა, ღვთის სიყვარული და მფარველობა უსურვა.
"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს - ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძებდეთ და ჰპოვებდეთ და დღეს ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ უფალმა განამტკიცოს მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენში, უფალმა განამტკიცოს სიყვარული და სასოება, უფალმა გვასწავლოს ჩვენ სიკეთის კეთება, გვასწავლოს მიტევება ცოდვათა, გვასწავლოს, რომ გავარჩიოთ სად არის კეთილი და სად ბოროტი. თქვენ მომავალი ხართ ჩვენი ქვეყნისა და ერისა, ამიტომ ყველაზე მეტად ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგცეთ თქვენ სიბრძნე გულისა, სიყვარული ადამიანისა და ღმერთისა და სასოება და იმედი ადამიანისა", – ბრძანა უწმიდესმა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი აკეთებს სიკეთეს, თუმცა სიკეთის მაგივრად იღებს ბოროტებას. მისი თქმით, ადამიანს არ უნდა გაუტყდეს გული, რადგან უნდა ახსოვდეს, რომ სიკეთე არ იკარგება და ყოველთვის თავის გზას გაიკვლევს.
"ამიტომ ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკეთოთ სიკეთე, ყოველდღე უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალი შეგეწიოთ თქვენ სწავლაში უპირველეს ყოვლისა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის კეთება და გაჭირვებული ადამიანის დანახვა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და ცოდნა. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა", – მიმართა ილია მეორემ აბიტურიენტებს.
ამასთან, პატრიარქმა აბიტურიენტები კიდევ ერთხელ დალოცა და უსურვა, ღმერთი იყოს მათი შემწე, ღმერთმა მისცეს მათ მადლი, რათა სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში.
"აღმოსავლეთის სიბრძნე ამბობს – ჰოი, სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა, ჰოი, მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხრულისა. აი, ასეთი სპირალისებურია ადამიანის ცხოვრება. როცა მოდის ჩვენთან სიხარული, არ უნდა დაგვავიწყდეს ღმერთი, და როცა მოდის მწუხარება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს უფალი, რომელიც გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან. ყოველ ადამიანს გააჩინია ჯვარი. ღმერთი აძლევს ჯვარს ადამიანს, ეს ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი კარგავს ძალას და ეცემა, ვეღარ მიდის წინ და ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა სთხოვოს – ღმერთო, მე აღარ შემიძლია მეტი სიარული, მოდი ჩემთან უფალო. ამაზე დაიწერა ეს საგალობელი - დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო", – აღნიშნა უწმინდესმა, რის შემდეგაც აბიტურიენტებს მოუწოდა, მასთან ერთად შეესრულებინათ საგალობელი.