ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციასთან საპატრიარქოს არავითარი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ საპტრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას "ინტრეპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეს, 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროსთან მოეწყო საპროტესტო აქცია ახალი ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით და აქციის ხელმძღვანელები საპატრიარქოს სახელითაც მოქმედებდნენ.
განვმარტავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს",-ნათქვამია განცხადებაში.
ელექტრონული პირადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელმა მრევლმა დღეს იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა, ახალმა ხელისუფლებამ დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწმობები.
"ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, როდესაც სავალდებულოა ელექტრონული ID პირადობის მოწმობების აღება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მასთან ერთად დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის მოწმობები. ჩვენ ამ მოთხოვნას წინა ხელისუფლების პერიოდშიც ვაჟღერებდით, თუმცა არაფერი შეცვლილა, მაგრამ არაფერი შეცვლილა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც", - აღნიშნა ნანობაშვილმა.