ბულინგი, განხეთქილება და შესაძლო ალიანსები - „ლელოს

ბულინგი, განხეთქილება და შესაძლო ალიანსები - „ლელოს" გადაწყვეტილების ანატომია და მოსალოდნელი შედეგები

„ლელო - ძლიერი საქართველო" 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება წყალგამყოფად იქცა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციასთან, ისინი „ლელოს" ღალატსა და რეჟიმთან გარიგებაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებაა პარტიის შიგნითაც. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ლელოს" გადაწყვეტილებამ ბოიკოტის მომხრე სხვადასხვა ოპოზიციური ძალების პოზიციაზეც იმოქმედოს. ამასთან, უკვე დაიწყო საუბარი „ლელოსა" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო ალიანსზე.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ 5 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ „შედიან ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ, მთავარ ველზე".

„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. აქვე მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს.

„...აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის.

„დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ არცერთი გოჯი თავისუფლების დათმობას არც თბილისში და არც რეგიონებში, მზად ვართ ტოტალური წინააღმდეგობისთვის", - განაცხადა კუპრაძემ შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

საინტერესო დეტალია, ისიც, რომ „ლელომ" გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხელ ყაველაშვილის განცხადების შემდეგ მალევე მიიიღო. ყაველაშვილმა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერებს, მათ შორის „ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შესთავაზა დაედასტურებინათ თავისი მონაწილეობა 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში და მიემართათ მისთვის შეწყალების თხოვნით.

„ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე", - განაცხადა ყაველაშვილმა.

„ლელოს" მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადებას ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ძალების მწვავე კრიტიკა მოყვა. მეტიც, თავად „ლელოს" წევრმა ცალკეულმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება. გარდა ამისა, „ლელოს" გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გასულ არჩევნებზე მასთან ერთად კოალიციაში მყოფი „თავისუფლების მოედანი". განსხვავებული პოზიცია აქვს კოალიციის კიდევ ერთი სუბიექტის, „მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს, რომელიც 5 ივლისის ბრიფინგზეც იმყოფებოდა და რჩევნებში მონაწილეობაც საჯაროდ დაადასტურა.

რაც შეხება მმართველი პარტიის შეფასებებს, „ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ „ლელო", ისევე როგორც არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტია „გახარია საქართველოსთვის", დასავლეთიდან მიღებული მითითებების მიხედვით მოქმედებენ.

„გარე უფროსები უკვე წინა არჩევნებზე მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა და იმდენად ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან (რასაც ვერ წაუშლიან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ამაში დახმარებოდნენ), რომ ისინი ფსონს „ნაციონალურ მოძრაობაზე" ვეღარ დებენ", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ამ ყველაფერთან ერთად, „ლელოს" გადაწყვეტილებამ გააჩინა ახალი ინტრიგა, შედგება თუ არა მათი ალიანსი გახარიას პარტიასთან და შეძლებს თუ არა ორი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ერთიანი საარჩევნო სიებითა და კანდიდატებით წარსდგეს არჩევნებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაახლოვების მცდელობები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც იყო, რასაც მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლობირებდა. თუმცა მისი მცდელობა და ამ მიმართულებით გამართული კონსულტაციები უშედეგო გამოდგა.

ბულინგი და განხეთქილება

ბოიკოტის მომხრე ოპოზციონერების რიტორიკა „ლელო - ძლიერი საქართველოს" მიმართ, მათი 5 ივლისის გადაწყვეტიელბის შემდეგ, მკვეთრად უარყოფითი გხადა.

„ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი „ლელო", რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!

„სუსტები არიან თუ მოღალატეები, ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!" - წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი ელენე ხოშტარია.

ენმ-ის ლიდერ თინა ბოკუჩავა კი „ლელოს" მორალურ სიკვდილზე საუბრობს.

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.

„დღეს ვიხილეთ „ლელოს" მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც", - წერს ბოკუჩავა.

„ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილება დაგმო ამ კოალიციიდან გამოყოფილმა მოძრაობა „თავისუფლების მოედანმაც":

„არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას „არჩევნებში" მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდა ოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ, ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა", - წერია მათ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებას თავად „ლელოს" შიგნითაც მოყვა უთანხმოება. საბა ბუაძემ პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება.

„ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს" პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი", - დაწერა ბუაძემ სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, „ლელო" დატოვა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, თამინა გიორგაძემ.

„ვტოვებ ჩემს „ლელოს", პარტიას, რომლის დამფუძნებელი წევრიც ვარ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც 2006 წლიდან რესპუბლიკურ პარტიაში ვიყავი და ჩემი ცხოვრების 19 წელი განუყოფელ ნაწილად ვთვლი...

„ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ოჯახიდან მივდიოდე, მაგრამ ვერ ვიქნები იმ პარტიის წევრი, რომელიც სინდისის პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და უწყვეტი პროტესტის დიდი ოჯახის პოზიციას უგულებელყოფს", - წერს თამუნა გიორგაძე „ფეისბუქზე".

პრეზიდენტის შეთავაზების გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე

ანალიტიკოსი გია ბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებამ „ლელოს" განცხადების გაკეთება დააჩქარებინა.

„რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი, რომ „ლელო" აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამას პირდაპირ არ ამბობდნენ, თუმცა ირიბად ჩანდა როგორც მათი მინიშნებებიდან და განცხადებებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალურ და რეგიონულ პარტიულ ოფისებში აქტიურობით.

„ძალიან ცუდი ის არის, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ეწევა თვალშისაცემ აქტივობას რეგიონებში. ასეთები არიან „ლელო" და გახარია. შესაბამისად, ყაველაშვილის განცხადებამ მათ უბრალოდ დააჩქარებინა საკუთარი პირდაპირი განაცხადის გაკეთება, მაგრამ აქ თვითონ გაიჭედნენ საკუთარ მესიჯბოქსში, როცა არ აღიარებენ ე.წ. არალეგიტიმურ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს", - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშილი კი ამბობს, რომ ყაველაშილის განცხადებასა და „ლელოს" გადაწყვეტილებას საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ.

„სამწუხაროა, რომ „ლელომ" ეს განცხადება ძალიან გვიან გააკეთა - ყაველაშვილმა დაასწრო მათ და ბევრისთვის ეს დამთხვევა გამოჩნდა უხერხულად. მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ყაველაშვილის განცხადებას „ლელოს" განცხადებასთან საერთო არ აქვს, რადგან „ლელო" დიდი ხანია აპირებდა ამას. ამ შემთხვევაში მიხვდა „ოცნება", ჭკუაში მოუგეს და დაასწრეს, რაც არ არის კარგი - სჯობს, რასაც აპირებ, გააკეთო დროზე. უკვე დროა პარტიები თანხმდებოდნენ მერობის ერთიან კანდიდატებზე. ადრე კი არა, გვიანაა, თან ძალიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეცვლიან ბოიკოტის მომხრეები გადაწყვეტილებას?

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს „ლელოს" გადაწყვეტილება ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერებზე და ხომ არ შეცვლიან ისინი გადაწყვეტილებას, გია აბაშიძე გვპასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს:

„დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახარიას პარტია და იაგო ხვიჩიას „გირჩი" მონაწილეობენ (არჩევნებში). მე არ გამიკვირდება, მაგალითად, სხვა რომელიმე პარტიამაც რომ მიიღოს მონაწილეობა, თუმცა არ მსურს წინასწარ ამაზე საუბარი. მაგრამ ჩემი ეს განცდა ეფუძნება სწორედ იმ არათანმიმდევრულ, უპრინციპო ქმედებებს, რასაც მრავალი წელია ვხედავთ ოპოზიციური აქტორებისგან", - განაცხადა აბაშიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი კი ვარაუდობს, რომ ბოიკოტის მომხრეთა მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია:

„არა, ისინი უკვე აჭრილები არიან. სულ 2 პარტიაა - „ნაცმოძრაობა" და „თავისუფლების მოედანი". ეს 7 პარტია უტოლდება „ნაცმოძრაობას" - 2012 წელს, როცა „ნაცმოძრაობამ" წააგო არჩევნები, ყველა ამ 7 პარტიის ლიდერი და წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ პარტიაში იყვნენ, რომელსაც ერქვა „ნაცმოძრაობა".

„მიხარია, გახარიას და „ლელოს" რომ ეყოთ ჭკუა, დაენახათ ამ კრებითი „ნაცმოძრაობის" ვერაგობა - რომ მათი მთავარი ამოცანა არა „ოცნების", არამედ „ლელოსა" და გახარიას დამარცხება იყო და ცდილობდნენ ბოიკოტში მათ ჩათრევას. ეჭვი მეპარება, რომ კრებითი „ნაცმოძრაობიდან" და „თავისუფლების მოედნიდან" ვინმემ გადაწყვეტილება შეცვალოს", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

„ლელო"-გახარიას შესაძლო ალიანსი

გია აბაშიძე ამბობს, რომ ხაზარაძე და გახარიას ალიანსი, წინა სცენარების გათვალისწინებით, შეიძლება არც ახლა შედგეს.

„თავის დროზე მათ საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდათ მოლაპარაკება ერთიან სიასთან დაკავშირებით, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს მეტი ფინანსები და რესურსები, ვერ შეთანხმდნენ სიაში გახარიას კანდიდატების კვოტებზე. „ლელოს" უფრო მეტი სურდა და ამიტომაც მოხდა განხეთქილება. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს ახლაც.

„თუ ორივესთვის მისაღები მერობის კანდიდატები იქნებიან, შეთანხმდებიან, თუმცა საკრებულოების სიაზე შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, რადგან ხაზარაძეს პოლიტიკაშიც მტაცებლური მიდგომა ახასიათებს - ის უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე გახარია და ამ მიზეზით ეს ალიანსი ვერ შედგება", - განაცხადა აბაშიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი ალიანსის შექმნას არ გამორიცხავს და საუბრობს შესაძლო სცენარებზე:

„საკმაოდ მაღალი ალბათობაა, რომ შედგეს ალიანის. რაკი „ლელოზე" და გახარიაზე მეკითხებით, ცალ-ცალკე უნდა შექმნან პროპორციული სიები. მათ აქვთ შანსი, რომ შეთანხმდნენ. თუ პროპორციულში 5-6 პროცენტი აიღებენ და შეთანხმდებიან მაჟორიტარებზე, 30-კაციან საკრებულოში 9-10 კაცი ეყოლებათ გაყვანილი და იქნება ხმაური საკრებულოში, რაც კარგია.

„მთავარი მესამეა - აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ მერობის საერთო კანდიდატზე. თუ მაჟორიტარებზე ღირსეულ კანდიდატებზე შეთანხმდებიან, შესაძლებელია კრებითი „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებმაც მისცენ მათ ხმა. ასე რომ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო კრებითი „ნაცმოძრაობის" ამომრჩევლებს - მიუხედავად ყველაფრის, მაინც მივიდნენ არჩევნებზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შანსები ერთად და ცალცალკე

კითხვაზე რა შანსები აქვს ლელოს და გახარიას ერთად და ცალ-ცალკე გია აბაშიძე გვპასუხობს:

„ვფიქრობ, თავადაც ზომავენ საკუთარ მხარდაჭერას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, იციან მშვენივრად, როგორია ხალხში მათი განწყობები, თავადაც შეარჩევენ ამ კანდიდატებს.

„რა თქმა უნდა, როცა ძალისხმევა ერთიანია, ეს უკეთესია, მაგრამ ეს ძალისხმევა უნდა იყოს მყარი და არა მყიფე. ამ პოლიტიკურ შულერობასა და ჟონგლიორობაში ისე არ გამოვიდეს, რომ ორივე წაგებული დარჩეს და ნულჯამოვან თამაშში შევიდნენ", - განაცხადა აბაშიძემ.

ზაქარეიშვილიც ამბობს, რომ ალიანსს წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე აღცევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას.

„ცალსახად, ალიანსს ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე ორ პარტიას ცალ-ცალკე. ოპოზიციას არჩევანი ჰქონდა ცუდსა და უარესს შორის. უარესი იქნებოდა, თუ ოთხივე სუბიექტი ბოიკოტს გამოაცხადებდა და იმ დაქვეითებულ ლეგიტიმაციას „ოცნება" მაინც მიიღებდა. ცუდი კი ის არის, რაც ახლა მოხდა - ნახევარი შედის (არჩევნებში) და ნახევარი არა. ასე რომ, გახარიასა და „ლელოს" ერთად ბევრად მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ცალ-ცალკე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.