საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი დღეს, ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდა და მოსახლეობას გაესაუბრა. პრეზიდენტს ახლდნენ იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე.
მიხეილ სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გიორგი თევდორაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში შედგა.
როგორც ცნობილია, შუალედური არჩევნები ნაძალადევის რაიონში, ასევე სამტრედიასა და ბაღდათში ტარდება და თევდორაძის განცხადებით, პრეზიდენტი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამ კამპანიაში ჩაერთო.
ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტს სურდა მოსახლეობისთვის მოესმინა, მათ პრობლემებს გაცნობოდა და საკუთარ ხედვებზეც ესაუბრა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი იმერეთში სხვა სოფლებსაც ეწვევა.