თბილისში წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით 47 წლის მამაკაცი დაჭრეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა-ფშაველას #20-თან, ერთ-ერთი სადარბაზოს ლიფტთან მოხდა. დაყაჩაღების მიზნით 47 წლის რამაზ ალოიანს ჭრილობა მარცხენა წვივის მიდამოში მიაყენეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი მამაკაცი ვაჟა-ფშაველაზე არ ცხოვრობს და ის ჩანთით ერთ-ერთ ოჯახში, მიცვალებულისთვის ბალზამის გასაკეთებლად მიდიოდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ემერჯენსის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.