გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, "რობერტ ბოშის ფონდის" კონსულტანტი დიტერ ბოდენი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა, - ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. მათი ინფორმაციით, დიტერ ბოდენმა ანქვაბს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თვალს ადევნებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებს. ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან საკვანძო საკითხებზე პოზიციების ცვლილებას არ ელის.
"თავიდან უნდა მოხდეს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, თუმცა, ამის პერსპექტივებს ჯერ ვერ ვხედავ",-აღნიშნა ანქვაბმა.
შეხვედრის ბოლოს, ანქვაბმა ბოდენი აფხაზეთში დასასვენებლადაც დაპატიჟა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში გამგზავრებამდე, დიტერ ბოდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.