„მრავალშვილიანობა საქართველოში უკვე სასჯელია“

„მრავალშვილიანობა საქართველოში უკვე სასჯელია“

უბანში საშუალო ასაკის ქალი გარდაიცვალა. ერთმა თქვა – წლების განმავლობაში გაზრდილ გადასახადებს ვერ იხდიდნენ და შუქი–გაზი მუდმივად გამორთული ჰქონდათო. „ამ სიცივეში მეზობლების მიტანილი შეშით თბებოდნენ და ხშირად ისიც არ ჰქონდათო“, – თქვა მეორემ. გარდაცვლილს დარჩა ორი შვილი, რომელთაგან არცერთი არაა დაოჯახებული.

 

ექსპერტების გათვლებით, საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში იმყოფება. ბოლო 20 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა მილიონით შემცირდა, ამდენივე კი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი. შობადობის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164–ე ადგილზეა. გაზრდილია სიკვდილიანობის დონე, განსაკუთრებით – ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში.

 

ამ ფონზე, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მრავალშვილიაონობის სასჯელად ჩამოყალიბებას საყვედურობს.

 

როგორც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ლორთქიფანიძემ განაცხადა, ფინანსთა მინისტრისგან ვერ მიიღო პასუხი, თუ რატომ არ ითვლებიან 5 და 6 შვილიანი ოჯახები მრავალშვილიანად და რატომ არ არის გათვალისწინებული მათი დახმარება.

 

მისი თქმით, სახელმწიფო მრავალშვლიანად მხოლოდ 7 შვილიან ოჯახს აღიარებს და თითოეულ ბავშვზე დახმარებას მხოლოდ 5 ლარს აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმაა.

 

„მრავალშვილიანობა უკვე სასჯელია საქართველოში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ და საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე საუბრის გაგრძელება სთხოვა.

 

საქართველოში დემოგრაფიული ვითარება რომ საგანგაშოა, არავისთვის საიდუმლო აღარაა. მრავალშვილიანობა საქართველოში არც 20 წლის წინ იყო მოდაში და არც ახლაა. მიუხედავად ამისა, მაშინ ქვეყანაში დადებითი ბუნებრივი მატება მაინც იყო შენარჩუნებული, დღეს კი მოსახლეობა 5 წელიწადში ერთხელ ერთი წლით ბერდება, ხოლო ბუნებრივი მატება კი თითქმის ნულია.

 

1990 წელს საქართველოში 92 ათას 815 ბავშვი დაიბადა. 11 წლის შემდეგ ქვეყანაში დაბადებულთა რიცხვმა უკვე 56 პროცენტით იკლო, ხოლო ბუნებრივმა მატებამ კი ნულის ზღვარს ოდნავ გადააჭარბა. რაც შეეხება შობადობას რიგითობის მიხედვით, პირველი და მეორე შვილის გაჩენა საქართველოში გარკვეულ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. ამიტომაც, ამ პარამეტრების დონე შედარებით შენარჩუნებულია. მესამე და მეტი შვილის ყოლაზე უკვე საუბარი ზედმეტია.

 

საქართველოში არც 15-20 წლის წინათ, როდესაც ოჯახები მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავლით იყვნენ უზრუნველყოფილნი, აჩენდნენ ბევრ შვილს. შეიძლება ითქვას, რომ მრავალშვილიანობა არც მაშინ და არც დღეს არაა მოდური.

 

„ამ ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ცხოვრების თანამედროვე ფორმებია ჩამოყალიბებული, ანუ ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი“, - ამბობენ ექსპერტები.

 

დღევანდელ გაჭირვებულ ცხოვრებაში კი ქალს კიდევ დამატებითი ტვირთიც დააწვა, როდესაც ამა თუ იმ მიზეზების გამო, იგი მამაკაცთან ერთად, ოჯახის მატერიალურად უზრუნველმყოფელი გახდა. ქალს უკვე ოჯახის საქმეებთან ერთად სხვა სამუშაოც, ფულის შოვნაც დაეკისრა.

 

დღეისათვის არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფრთხეებიდან, დემოგრაფიული პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია. გაეროს მოსახლეობის მსოფლიო ფონდის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ქართველ ექსპერტთა გათვლებით საქართველო, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია შეტანილი.

 

მსოფლიო მოსახლეობის ზრდის სწრაფი ტემპის ფონზე, საქართველოში საწინააღმდეგო ვითარებაა - ქვეყნის მოსახლეობა კლებულობს და ბერდება, მეტად არასახარბიელოა დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლები და ამდენად, სულ უფრო მწვავდება დემოგრაფიული პრობლემები.

 

შობადობის მიხედვით, მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის, საქართველოს 164-ე ადგილი უკავია... ბოლო 5 წლის განმავლობაში, ოთხმოციან წლებთან შედარებით, შობადობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა.

 

უკანასკნელ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოკვდაობის დონე; თუ სამოციან წლებში მოსახლეობის 1000 სულზე წელიწადში საშუალოდ 6,5 კაცი გარდაიცვალა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 11,5-ია. ძალიან მაღალია ბავშვთა მოკვდაობის დონე; ბოლო 5 წლის განმავლობაში 0-დან 1 წლამდე ბავშვთა მოკვდაობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხალდაბადებულზე 13,7-დან 19,7-მდე მერყეობს, თუმცა, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით ჩატარებული კვლევით იგივე მაჩვენებელი 29-ის ტოლია.

 

შედარებისთვის - ევროპისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8-დან 9-მდეა, ხოლო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 3-4-ია. ქვეყანაში მაღალია მკვდრადშობადობის მაჩვენებელი – 15,3.

 

საქართველოში მოკვდაობისა და ბუნებრივი მატების მაჩვენებლები გაცილებით უარესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. განსაკუთრებით შემცირებულია ბუნებრივი მატება ბოლო წლებში, რასაც მოკვდაობისა და შობადობის ზემოთ აღნიშნული მონაცემები განაპირობებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, ბუნებრივი მატება 135 000-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს რიცხვი  6000-ს შეადგენს. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება ყოველ 1000 კაცზე საშუალოდ 23,5 იყო. ამჟამად ეს მაჩვენებელი 0,8-ია.

 

დღეისათვის ასევე კატასტროფულია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. 1969 წლისთვის იგი 2,2 უდრიდა, 1989 წელს – 2,1, დღეისათვის - 1.47, რაც არასაკმარისია მშობელთა თაობის რაოდენობრივი განახლებისთვის. მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით. უმძიმესია მოსახლეობის გამრავლების რეჟიმის ნეტო კოეფიციენტიც. 1989 წელს ეს მაჩვენებელი 1,003-ს უდრიდა ე.ი. ყოველი 1000 დედის შესაცვლელად 1003 გოგონა მოდიოდა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 0,7-ია. ქვეყანა ფაქტიურად დეპოპულაციის საფრთხის წინაშეა.

 

თუ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული ეს პროცესი გამოკვეთილად 8-10 წლის შემდეგ იჩენს თავს და პიკს 15-20 წლის შემდეგ მიაღწევს. აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი, ეს პროცესი შეიძლება მხოლოდ შენელდეს.

 

აღწერილ დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესები, რომელიც უმართავ ხასიათს ატარებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნით 2009 წელს საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. 2008 წელს თავშესაფარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 5454 მოქალაქემ ითხოვა, 2009 წელს კი – 10954-მა.

 

ამ მაჩვენებლით საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს საზღვარგარეთ. ამავე დასკვნის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებით.

 

გარე მიგრაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს მძიმე შიდა მიგრაციული პროცესიც, რასაც შედეგად ქართული სოფლების დაცარიელება მოჰყვა. დაცარიელებულია 162 მაღალმთიანი სოფელი. ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად, იძულებით ადგილმონაცვლე პირთა რაოდენობამ (254 142 ადამიანი) კი, მოსახლეობის 6% შეადგინა.

 

ქვეყანაში მიმდინარე მძიმე დემოგრაფიული გარემოს შესაცვლელად ხელისუფლება არანაირ ქმედით ღონისძიებას არ მიმართავს. ბოლო წლებში ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით მხოლოდ საპატრიარქოს მხრიდან იქნა გადადგმული, რასაც დადებითი ეფექტი უკვე მოჰყვა - გაიზარდა შობადობა, როგორც საერთოდ, ასევე მესამე შვილის გაჩენის მიხედვით. ეს მონაცემი 2006 წელთან შედარებით სამი პროცენტითაა მომატებული.

 

„ამ უსერიოზულესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში აუცილებელია არსებული დემოგრაფიული ვითარებისა და ტენდენციების სრულყოფილი ანალიზი, ახლო და შედარებით შორეული პერსპექტივების პროგნოზირება; ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება.

ამ კონტექსტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს და ყურადღება მიექცეს მრავალშვილიან და ღარიბ ოჯახებს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას არა მარტო ზოგადი პირობები, არამედ განსაკუთრებული მატერიალური სტიმულები ერის გასამრავლებლად, ახალშობილთა აღსაზრდელად და მოსავლელად, ქალთა ჯანმრთელობის დასაცავად. ამ მხრივ უმოქმედობის ყოველი დღე მძიმე შედეგებით აისახება ქვეყნის მომავალზე“ - აცხადებენ ექსპერტები.

 

ცნობისთვის, 2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.

 

გაეროს ექსპერტთა 20-წლიანი პროგნოზი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. გაეროს სპეციალისტთა გათვლები, რომლებსაც საქართველო 2 ათეული წლის განმავლობაში უნდა დაყრდნობოდა, უკვე ძალადაკარგულად გამოცხადდა. გაერომ თავის დროზე პროგნოზის სამი ვარიანტი შეიმუშავა, რომელთაგან ყველაზე პესიმისტურიც კი იმაზე უკეთეს ვითარებას გვპირდებოდა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ სფეროშია შექმნილი.

 

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.

 

გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა უკვე დღეს 4 მილიონ-ნახევრამდე შემცირდა.

 

გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.

 

სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასტროფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება - არამედ სტაბილურად ზრდადია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ კარდინალურ და ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას - რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ძალზე დაბალია.