რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საგარეო პოლიტიკის შესახებ დაუსვამს კითხვას, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია აპირებს ჰკითხოს ბიძინა ივანიშვილს, რამდენად აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.
"გვაინტერესებს პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, რადგან, ჯერჯერობით საქართველოს ახალი ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები ისევ იმ პოლიტიკასთან მოდის შესაბამისობაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებდა. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა ცვლილებები იქნება, რომელიც მოგვცემს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ არის შესაძლებლობა იმისა, გვქონდეს იმედი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების", - აღნიშნა პუშკოვმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით 23 აპრილს გამოვა. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.