ღმერთმა ინებოს, რომ ბოროტება რომელიც ქვეყანაშია, სიკეთით შეიცვალოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიაქმა სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ სიკეთე და ბოროტება ადამიანის მუდმივი თანამგზავრია, თუმცა, დიდი ძალის მიუხედავად, ბოროტებას სიკეთე მაინც ამარცხებს. "მადლობა უფალს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვდივართ. გისურვებთ ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ უფალმა და ბოროტება, რომელიც თქვენში და ქვეყანაშია, შეიცვალოს სიკეთით. თუ ჩვენ გვექნება რწმენა, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა ღვთისადმი, ღმერთი მოგვცემს ძალას, რომ სიკეთემ სძლიოს ბოროტსა", - ბრძანა უწმინდესმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დიდი მარხვის პერიოდში განსაკუთრებით ვერაგია ბოროტი სული და იგი მუდმივად ებრძვის ადამიანს, თუმცა, ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს ძალას მის დასამარცხებლად.
პატრიარქმა წმ. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ იგი წლების განმავლობაში ვნებებს აყოლილი ცხოვრობდა, თუმცა, წლების შემდეგ მასში მოხდა ფერიცვალება და იგი წმინდა გახდა. "ადამინი მუდამ ეძებს და ელოდება რაღაც არაჩვეულებრივს, სასწაულებრივს და ავიწყდება, რომ ყველაზე დიდი სასწაული თვით ადამიანშია. ადამიანი ღვთის ისეთი ქმნილებაა, რომელსაც სხვა ვერაფერი შეედრება. ერთმა მეცნიერმა თქვა - ადამიანი არის არა ევლოლუციის, არამედ რევოლუციის შედეგი, ამიტომ ჩვენ ხშირად უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ, რატომ მოვედით, რატომ მოგვიყვანა უფალმა და რა უნდა გავაკეთოთ", – აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა დეკანოზი ლაზარე დულუზაური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ასევე, იღუმენიას ხარისხში აიყვანა მეუფე ნიკოლოზი და მონაზონი პარასკევა. უწმინდესმა დალოცა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები და მრევლს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.
როგორც პატრიარქმა განაცხადა, ლაზერეს შაბათსა და ბზობას მორწმუნეთათვის თევზით ხსნილი იქნება.