ლიეტუვის თავდაცვის ძალებმა, ბელარუსის ტერიტორიიდან გაშვებული დრონი, შუმსკის დახურული სასაზღვრო პუნქტის მახლობლად, ბელარუსის საზღვრიდან, დაახლოებით, ერთი კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს. თავდაპირველი ინფორმაციით, ვრცელდებოდა ცნობები, რომ ეს „შაჰიდის“ ტიპის დრონი იყო, თუმცა მოგვიანებით, ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა პატარა, ხელნაკეთ დრონს, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარია „შაჰიდის“ ტიპის ხელნაკეთ დრონზე, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია. პალუცკასი და სკვერნელისი თავშესაფარში ისხდნენ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყნის სამხედრო უწყებამ არ დაადასტურა, რომ მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, თვითნაკეთი საფრენი აპარატი იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ოგორც Bloomberg-ი წერს, მსგავსი რეაგირება ნათლად ასახავს ბალტიისპირეთში არსებულ მზარდ დაძაბულობას, რაც გამოწვეულია შიშით, რომ რუსული დრონები, შესაძლოა, შემთხვევით ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ბალტიის სამივე ქვეყანა ევროპის კავშირის საზღვრისპირა და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი სახელმწიფოებია.
მაშინ, როდესაც ლიეტუვის ლიდერები რუსულ დრონებს თავშესაფარში ემალებოდნენ, მალაიზიაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობდა.
ამერიკელი და რუსი დიპლომატების საუბრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი იყო, მათ შორის, ირანისა და სირიის ირგვლივ არსებული ვითარება. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების დასარეგულირებლად, მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და თქვეს, რომ ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნათქვამი გაიმეორა - იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში, პროგრესის არარსებობის გამო.
„ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ დროს, როცა ამის შესაძლებლობა გვექნება, ისევე, როგორც დღეს მოვიქეცით“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატო-ს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. როგორც რუბიომ აღნიშნა, უკრაინელებს Patriot-ის მეტი ბატარეა სჭირდებათ, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაშია.
„თუმცა, არავის სურს მათი მიცემა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება. თუ უკრაინა მართლაც პრიორიტეტია, როგორც ამას ევროპის უამრავი ქვეყანა აცხადებს, მაშინ, მზად უნდა იყვნენ, გაუზიარონ ის ბატარეები, რომლებიც ახლა არ სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების დარწმუნებას, მიაწოდონ უკრაინას Patriot-ის ბატარეები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეეძლიათ უკრაინას გადასცენ საკუთარი Patriot-ის სისტემები, რუბიომ დაასახელა ესპანეთი და გერმანია. მოგვიანებით კი გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის, უკრაინისთვის აშშ-სგან იყიდოს Patriot სისტემები.
„ამ საკითხზე საუბრები მაქვს აშშ-ის მთავრობასთან და პრეზიდენტ ტრამპთან. მზად ვართ, აშშ-სგან Patriot-ის დამატებითი სისტემები შევისყიდოთ და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ“, - აღნიშნა მერცმა.
ვაი თქვენს პატრონს, თქვე ქვეჩაჯვიებო