სულ ორი თვე რჩება “თბილისის მიკროავტობუსს” სატენდერო პირობების შესასრულებლად, მაგრამ უკვე თავად კომპანიაში აღიარებენ, რომ ამას ვერ მოახერხებენ. კომპანიას სახსრები და შესაძლებლობა არ გააჩნია ახალი სამაშრუტო ტაქსების შემოსაყვანად. ასეთ შემთხვევაში, წესით და რიგით, ტენედრი ხელახლა უნდა ჩატარდეს.
2012 წლის 15 იანვრამდე დედაქალაქში არც ერთი ძველი სამარშრუტო ტაქსი არ უნდა მოძრაობდეს. ტენდერის პირობების თანახმად, იმ დროისთვის “თბილისის მიკროავტუბსმა” 3 078 ახალი მანქანა უნდა შემოიყვანოს. თუმცა, კომპანია სატენდერო პირობების დარღვევას აპირებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ყვითელი “მარშუტკების” შემოყვანა გაზაფხულზე დასრულდება. არადა, სატენდერო პირობების მიხედვით “თბილისის მიკროავტობუსს” ბოლო ვადა 15 იანვრამდე აქვს.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის თეონა ნიორაძის თქმით, კომპანია ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანას მომავალი წლის გაზაფხულზე დაასრულებს. “ახალი სამარშრუტო ტაქსების ჩამოყვანის პროცესი მომავალი წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. ახალ სამარშრუტო ტაქსებს დეკემბრშიც შემოვიყვანთ”, - განაცხადა თეონა ნიორაძემ.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თუ კომპანიამ პირობა დაარღვია და მიკროავტობუსების შემოყვანა 15 იანვრამდე ვერ მოახერხა, დაჯარიმდება. “ჩვენ ამ პროცესს მუდმივად ვაკვირდებით”, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
სხვათა შორის, “თბილისის მიკროავტობუსი” ტენდერის პირობებს მხოლოდ ახალი მანქანების შემოყვანის მხრივ კი არ არღვევს, არამედ მგზავრთა მომსახურეობის კუთხითაც. სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი იმისათვის გამოცხადდა და ტარიფიც იმიტომ გაიზარდა, რომ მგზავრები მაქსიმალურად კონფორტულად გადაადგილებულიყვნენ, სერვისი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფლიყო.
სინამდვილეში კი, ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდა, რამაც გამოიწვია მგზავრობის ინტერვალის გაზრდა და ხაზზე დარჩენილ “მარშრუტკებში” განსაკუთრებული ხალხმრავლობა (მით უფრო პიკის საათებში).
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამარშრუტო ხაზებზე მიკროვატობუსების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, მათი რაოდენობა შემცირდა. თუ ერთ ხაზზე 25-27 მიკროავტობუსი მოძრაობდა, 20-მდე შეამცირეს. ეს იმ პირობებში, როდესაც სამარშრუტო ტაქსები ისედაც გადავსებული იყო და ხალხს ფეხზე დგომა უწევდა. გაზრდილია მათი მოძრაობის ინტერვალიც. “წარმოიდგინეთ, ამ პირობებში რა მდგომარეობაა და ხალხს რა პირობეებში უწევს მგზავრობა”, - აცხადბეს საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, თუკი “თბილისის მიკროავტბუსმა” მიკროავტობუსების შემოყვანა ვერ მოახერხა და ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროს მართვას, როგორც სამარშრუტო ტაქსების ბიზნესია, მით უმეტეს ვერ შეძლებს. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია აღნიშნულ კომპანიას მხოლოდ რამდენიმე ლოტი დაუტოვონ და დანარჩენ ლოტებზე უფლება ინდმეწარმეებმა მოიპოვონ.
თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მიმდინარე წლის 15 ივლისს გამოჩნდა. სწორედ იმ პერიოდში მოხდა მგზავრობის ტარიფის 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაზრდა. მერიის სატენდერო პირობების თანახმად “თბილისის მიკროავტობუსმა” 2012 წლის 15 იანვრამდე სულ 3 078 ახალ მიკროავტობუსი უნდა შემოიყვანოს. სწორედ იმ პერიოდისთვის უნდა მოხდეს ავტოპარკის განახლება და ყველა ძველი მანქანის ახლით შეცვლა. ტენდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, როგორც მინიმუმ, ის უნდა გადაიხედოს.
სამუშიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ სატენდერო პირობები დაარღვია და 2012 წლის იანვარში მთლიანი ავტოპარკი არ განაახლა, მას ან ჯარიმა უნდა დაეკისროს, ანდაც სატენდერო პირობები გადაიხედოს.
“როდესაც ტენდერი გამოცხადდა, იქ იყო გათვალისწინებული, რომ სამარშრუტო ტაქსი უნდა ყოფილიყო 2011 წელს გამოშვებული და ბევრი სხვა პარამეტრიც. ამ ოთხმა კომპანიამ სწორედ მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებებით გაიმარჯვა. თუ კომპანია ვერ შეძლებს ახალი მანქანების შემოყვანას, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ტენდერის პირობები ვერ სრულდება, ხდება დარღვევა და ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს”, - განაცხადა სამუშიამ.
1146
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85