ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელები და ჟურნალისტები ამერიკის ელჩთან, ჯონ ბასთან შეხვედრას ელოდებიან. ამის შესახებ მათ მედია–კავშირ „ობიექტივის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. ამერიკის ელჩი „თრიალეთს“ ერთხელ უკვე დაეხმარა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ამერიკელი დოპლომატი, დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებით ამჯერადაც დაინტერესდება და შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად დაეხმარება.
მედია–კავშირ „ობიექტივის“ ორგანიზებით გამართულ სოლიდარობის ღონისძიებაზე, რომელსაც ამ ეტაპზე მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა, შემდეგი მედიასაშუალებების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები: რადიო „თავისუფლება“, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, „პრესაგე.ტვ“, ტელეკომპანია „მაესტრო“, პირველი არხი, ინტერნეტ–ტელევიზია „თეთრები“.
„თრიალეთის“ მხარდასაჭერად მოსულები იყვნენ შემდეგი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“, „რატომ“, „წინააღმდეგობის მოძრაობა“, „დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, „საზოგადოებრივი დამცველი“.
ხელისუფლების მხრიდან გამოხატული ზეწოლის პირობებში, „თრიალეთისადმი“ სოლიდარობის გამოსახატად, თბილისიდან გორში ჟურნალისტები პერიოდულად ჩავლენ და გადაცემებს წაიყვანენ. თბილისში კი „თრიალეთის“ ჟურნალისტები ჩამოვლენ, „ობიქტივის“ სტუდიიდან წაიყვანენ გადაცემებს და ასე მიაწვდენენ ხმას მსმენელსა და მაყურებელს. სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოხატვის იდეა მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამბობს, რომ „თრიალეთთან“ მიმართებაში დღეს ხორციელდება ის, რაც წლების წინ „ობიექტივთან“ მიმართებაში მოხდა, როცა მათ წაართვეს ტელესიხშირე და „ალანიას“ მისცეს.
„ბოლო 8 წლის მანძილზე 40–ზე მეტი ტელესიხშირე მიითვისეს. ერთ–ერთი „ობიექტივის“ იყო. ეს ფაქტი, არც ერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია და გვერდზე არავინ დაგვდგომია. ფეხზე მაინც დავდექით. ჩვენი სიხშირე „ალანიას“ მისცეს და ისინი 3 წლის მანძილზე ულიცენზიოდ მაუწყებლობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. დღეს იგივე მცდელობას ვხედავ „თრიალეთთან“ მიმართებაში, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ეს მედიასაშუალება რაიმე ფორმით გააჩერონ. თუ დღეს ეს მოხდა, ხვალ „ობიექტივს“ გააჩერებენ, ზეგ სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას.
გაიხსენეთ რა ხდებოდა „პალიტრაში“. მაშინ როცა ამ მედიასაშუალებას შეუტიეს, ჩვენ საფრანგეთის სენატს ინფორმაცია მივაწოდეთ. მომავალ კვირაში ბრიუსელში მივემგზავრები და პირადად გადავცემ ტელეკომპანია „თრიალეთზე“ განხორციელებული შეტევის ამსახველ ფაქტებსა და ინფორმაციას ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა“ და „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლებს“, – ამბობს ირმა ინაშვილი.
„ობიექტივის“ ხელმძღვანელი სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს „თრიალეთისადმი“ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
„გორში დაუცველ მდგომარეობაში ვართ. მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ, რის გამოც ხალხი მხარდაჭერას ვერ გამოხატავს. შეიძლება გაგვაჩერონ და გამოგვრთონ. ამიტომ, თბილისის იმედად ვართ – დღევანდელი ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობას გიხდით“, – განაცხადა „თრიალეთის“ დამფუძნებელმა, ბადრი ნანიტაშვილმა და იქვე იმ ფირმის აქტიურობაზეც ისაუბრა, რომელიც მისგან ტელეკომპანიის მიყიდვას და ქვეყნის დატოვებას ითხოვდა:
„ფირმა „გორგია“, რომელიც ბათუმში, თბილისსა და გორში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, ორი თვის განმავლობაში მთხოვდა „თრიალეთი“ 6 მილიონად მიმეყიდა და ჩემს ძმასთან, ჯონი ნანიტაშვილთან ერთად საქართველო დამეტოვებინა. ამ ფირმის წარმომადგენელი იყო ლალი ეგაძე. მოვიკითხეთ, გამოვიკვლიეთ და „გორგიას“ კვალი ძმებ შარანგიებამდე მიდის. ამის დადასტურებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ მოკვლევის და მოკითხვის შემდეგ ეს გახდა ჩვენთვის ცნობილი.
მაშინ როცა „გორგია“ ტელეკომპანიის მიყიდვას გვთხოვდა, იქვე გვეუბნებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნებოდა. დღემდე არ მომხდარა ჩემს ძმის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიება – დღისით, მზისით, გორის ცენტრში, ხალხის თვალწინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ. არც ჩვენი ჟურნალისტის, ლადო ბიჭაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიება მომხდარა. სახალხო დამცველის ანგარიშიდან შევიტყვეთ, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე იანვარში შეუწყვეტიათ. ჩვენს ტელეკომპანიასთან მიმართებაში განხორციელებული ყოველი ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე წერილობით ვაცნობეთ მიხელ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“, – ამბობს „თრიალეთის“ დამფუძნებელი, ბადრი ნანიტაშვილი.
როგორც „თრიალეთის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, ბოლო პერიოდში მათ ძალოვანები მანქანებით დაჰყვებიან, ზეწოლას ახორციელებენ იმ ადამიანებზე, ვინც „თრიალეთს“ კომენტარს მისცემს, დევნილებს 30–ლარიანი დახმარების მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი გაბედავენ და თავიანთ პრობლემებზე „თრიალეთს“ დაელაპარაკებიან.
ტელეკომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათზე ზეწოლის გააქტიურება შიდა ქართლში ბადრი ბასიშვილის „გუბერნატორად“ გადაყვანას უკავშირდება.
„ბასიშვილის „გუბერნატორად“ მოსვლის შემდეგ ჩვენზე ზეწოლა გააქტიურდა. მაშინ მოხდა ჯონი ნანიტაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩემი ცემა (სტალინის ძეგლის აღების დროს). „თრიალეთზე“ ზეწოლის ერთ–ერთი მთავარი ბერკეტია ანძა. მაშინ, როცა ეთერში მოწვეული გვყავს ოპოზიციის ლიდერები, ანძას მეხი ეცემა, რაღაც ფეთქდება და ასე შემდეგ“, – აცხადებს „თრიალეთის“ ჟურნალისტი, ლადო ბიჭაშვილი.
„გორში არც „მაესტრო“ მაუწყებლობს და არც „კავკასია“. მოსახლეობა ჩვენს იმედადაა, რომ რეალურ საქართველოში იცხოვრონ ჩვენთან ერთად. ყველა იმ კითხვაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და აინტერესებს, პასუხებს ჩვენგან იღებენ. ჟურნალისტები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენი ვალია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდზე, მაშინ, როცა ვთვლით, რომ ვართ მართლები და პასუხისმგებლები ჩვენი მაყურებლების მიმართ“, – ამბობს ტელეკომპანია „თრიალეთის“ პოლიტიკური თოქ–შოუს წამყვანი თეა გიგუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს ტელეკომპანია „თრიალეთს“ საკაბელო მაუწყებლობა შეუწყვიტეს; პლუს ამას, გუშინვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გორში „თრიალეთის“ სიხშირეების შესამოწმებლად ჩავიდა.
ამ სიახლეებს წინ უძღვოდა გორის რაიონული სასამართლოდან მიღებული შეტყობინება – „თრიალეთს“ შპს „ალფა–კომი“ (ყოფილი ტელეცენტრი) უჩივის და დავალიანების გადახდას სთხოვს. „თრიალეთის“ დამფუძნებელი კი ამბობს, რომ „ალფა–კომის“ ხელმძღვანელთან დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომლის პირობებსაც ტელეკომპანია პირნათლად ასრულებდა.