2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის პირით გააჟღერა შემდეგი:
„ჩვენ გვაქვს საფინანსო რესურსი იმისთვის, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან სოციალურ დახმარებაში რამდენიმე ცვლილება შევიტანოთ. მათ შორის პირველი ის არის, რომ ყველა პენსიონერს მივცეთ სადაზღვევო პაკეტი. 67 წელს ზემოთ ადამიანებისთვის პენსიები 140 ლარამდე გავზარდოთ, ანუ ჯამში საპენსიო პაკეტი იყოს 140 ლარი. საპენსიო პაკეტში ვგულისხმობ 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს (რომელსაც პენსიონერები ასევე 2012 წლის 1 სექტემბრიდან მიიღებენ) და 125 ლარს, თანხის სახით“, – განმარტა გილაურმა.
„ეს იქნება დაახლოებით 15-ლარიანი პაკეტი. მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება, მათ შორის, ექიმთან უფასო კონსულტაციები, გადაუდებელ ოპერაციებზე 80 %-იანი დაფინანსება, ასევე, ლიმიტირებული ოპერაციები (15 ათასამდე ლარამდე). გარდა ამისა, ქიმიო და სხივური თერაპია, 80 %-იანი თანადაფინანსებით. ასევე, რა თქმა უნდა, პაკეტში შევა წამლის თანადაფინანსებაც, რაშიც დღესდღეობით პენსიონერების მთავარი ხარჯი მოდის. წამლის თანადაფინანსება განისაზღვრება 50%-ით და ეს იქნება 200-ლარიანი ლიმიტი. ასევე სადაზღვევო პაკეტში შევა უფასო ანალიზები - სისხლის, შარდის და ა.შ“, - აღნიშნა გილაურმა.
პრემიერ–მინისტრის შეფასებით, ჯანდაცვის სექტორში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან პენსიონერები იმ მაღალი რისკის შემცველ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები ძნელად აზღვევენ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, პენსიონერების გარდა, მსგავსი ტიპის სადაზღვევო პაკეტებს 0-დან 5 წალმდე ბავშვებიც მიიღებენ.
ახლა კი მივყვეთ მთავრობის მეთაურის სიტყვას:
პირველი - ეს ახალი შემოთავაზება არ გახლავთ და აი რატომ: ჰოსპიტალებში 0-დან 3-წლამდე, ხოლო ამბულატორიებში 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურება ისედაც უფასო იყო და რას დაარქმევს სახელმწიფო მათთვის გაწეულ დახმარებას - პროგრამულს თუ დაზღვეულს, მოქალაქისათვის მნიშვნელობა არა აქვს და ეს გარკვეულწილად პიარის ელემენტს უფრო შეიცავს ვიდრე სიახლეს (სხვა მოსაზრებებიც გაგვაჩნია, მაგრამ ამაზე შემდგომ და დაწვრილებით).
მეორე - ეჭვს იწვევს დასახელებული ასაკი, 67 წელი და ზემოთ. ჯანდაცვის მინისტრისა და პრემიერ–მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ №77 დადგენილების მიხედვით, 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენდა ფაქტობრივი ხარჯის 30%-ს, 25 % ან 20%–ს და დანარჩენი იფარებოდა პროგრამის ხარჯებით.
ანუ აქ დიდი ეჭვი ჩნდება, რომ 2012 წლის ჯანდაცვის პროგრამებში არ აისახოს დახმარებები 60 წლის ზევით და ეს 5 წელიც მთავრობამ შეიტყაპუნოს (სხვა სიტყვას ვერ იხმარ).
–აქ უნდა განვმარტოთ, რომ ურგენტული მდგომარეობა არის ისეთი მდგომარეობა, რომლის აღუკვეთავობის და არჩარევის შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი, ანუ სიკვდილი, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი გართულებები ან ინვალიდობა.
ახლა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ დაუფინანსებლობის შემთხვევაში რა დღეში შეიძლება ჩავარდეს ამ ასაკს ქვემოთ მყოფი ჩვენი დაუზღვეველი მოქალაქე, ჩვენს ქვეყანაში არსებული ფასების პირობებში.
აქვე გეტყვით, რომ ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 47 000 ადამიანი კვდება, რომლის 26% რეპროდუქციულ და შრომისუნარიან მოსახლეობაზე მოდის. სიკვდილის მიზეზებში წამყვანია გულ-სისხლძარღვთა, სიმსივნური დაავადებებით და ტრავმით გამოწვეული სიკვდილიანობა. სწორედ ამ პროგრამებში, ანუ ურგენტში, ონკოლოგიაში, ბავშვთა ასაკში და კარდიოქირურგიაში იყო 2011 წელს შემოღებული ასაკობრივი ზღვარი 5-დან 60 წლამდე. წინა წლებში ეხებოდა ყველა მოქალაქეს, შემდგომ 50 წლის ზემოთ, 2011 წელს 60-ის ზემოთ, ახლა კი სადაზღვევო პაკეტი შეეხება 67 წელს.
საყურადღებოა, რომ ეს პროექტი ძალაში შევა (თუ საერთოდ შევიდა) 2012 წლის 1 სექტემბრიდან, რაც საეჭვოდ ემთხვევა სავარაუდო საპარლამენტო არჩევნების დროს. რა ქნას მოსახლეობამ 2012 წლის სექტემბრამდე? ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ავადმყოფობამ და სიკვდილმა არჩევნები არ იცის. ამას თუ ჩვენი ეჭვიც დაემატა და 2012 წლის ჯანდაცვის პროგრამებში არ აისახა დახმარებები 60 წლის ზევით, მაშინ კატასტროფულ სურათს მივიღებთ. როგორც იტყვიან აღდგომა და ხვალეო.
რაც შეეხება სოციალურ დახმარებაში რამდენიმე ცვლილების შეტანას, არა გვგონია ათეული წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაპირებული 100 დოლარის სანაცვლოდ 2012 წელს გაცემული 120-128 ლარი, ინფლაციებისა და 160–ლარიანი საარსებო მინიმუმის ფონზე დიდი შეღავათი გახდეს ჩვენი პენსიონერებისათვის (ეჰ, ისევ ყბადაღებული P.R.).
ერთადერთი, რაც ჩვენი ღაღადისიდან ბატონმა პრეზიდენტმა „შეისმინა“, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევოების თემაა. ჩვენ სულ ვწერდით და ვამბობდით, რომ ბარაკ ობამამ 2009 წლის 15 ივნისს, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჯანსაღი კონკურენციისთვის კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ბაზარზე ასევე დიდი წილით უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიები, დაინერგოს ე.წ. „დაზღვევის გაცვლის“ (health insurance exchange) პრაქტიკა და მოქალაქემ თვითონ გადაწყვიტოს, სად დააზღვიოს ჯანმრთელობა. ყოვლად დაუშვებელია დაზღვევის განხორციელების მინდობა მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა ასეთი მიდგომა. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით კი, კერძო კომპანიების სადაზღვევო პაკეტს სახელმწიფო დაზღვევა სჯობს:
„ახალ საავადმყოფოებშიც კი, რომელიც ახლახან გავხსენით, სახელმწიფო დაზღვევის პაკეტი უფრო უყვართ, რადგან ის ბევრად მეტს ფარავს, ვიდრე კერძო კომპანიების დაზღვევა. სახელმწიფო სჯობს კერძო დაზღვევას“.
ჰოდა ძალიან კარგი, ბატონო პრეზიდენტო, ცოტა იქნებ ჩვენც მოგვისმინოთ, ცოტა სხვასაც და ქვეყანასაც ნამდვილად ეშველება.
რაც შეეხება წამლის თანადაფინანსებას, რაშიც დღესდღეობით პენსიონერების მთავარი ხარჯი მოდის, ამაშიც გეთანხმებით და თქვენთან ვართ ბატონებო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად მიგვაჩნია ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ თავისი წევრ სახელმწიფოებისთვის ყოველწლიურად ხდება მუდმივგანახლებადი იმ 350 აუცილებელი ესენციალური წამლების სიის მიწოდება, რომლის ფასებიც უნდა იყოს ძალიან დაბალი და ხელმისაწვდომი ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეებისთვისაც კი. რა თქმა უნდა, ამის გახმაურება არ ხდება, არც სახელმწიფოს და არც მონოპოლისტი კომპანიების მხრიდან, რაც დანაშაულის ტოლფასია.
ჩვენი მხრიდან მიუხედავად ამ საკითხის არაერთგზის დაყენებისა, არც სახელმწიფოს და არც მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს არაფრის დათმობა არ უნდათ და მოსახლეობა კვლავ წუხს აუცილებელ მედიკამენტებზე მაღალი ფასების გამო.
შესაბამისად, 200 ლარის ლიმიტირებული წამლები კი არ უნდა მიეცეს მოსახლეობას მონოპოლისტი კომპანიების უსაშველოდ გაზრდილი ფასებიდან 50%–ის ფასდაკლებით, არამედ 350 აუცილებელი დასახელების ესენციალური წამალი და თან ძალიან შეღავათიან ფასში.
და ბოლოს დედაც კარგად გიმყოფოთ და მთელი ოჯახი, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ვინ დაგიჯერებთ, რომ თქვენი დედა, რომელიც უკვე 60 წელს არის გადაცილებული, ჯანდაცვის გარეშე დარჩება?!
ეეჰ, სხვებმა იკითხონ, თორემ თქვენ რა?!