ხელისუფლება „ქართუს“ ახალი მეანაბრეებით დაინტერესდა

ხელისუფლება „ქართუს“ ახალი მეანაბრეებით დაინტერესდა

ნტერვიუ ნოდარ ჯავახიშვილთან (მეორე ნაწილი)

ბატონო ნოდარ, შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არიან ის კლიენტები, რომლებაც დიდი თანხა გაიტანესქართუ”-დან?

- ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამდენად, გვარებს არ დავასახელებ. მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ “ვისოლმა”(საწვავის ქსელი) და “პსპ”-მ (ფარმაცევტული ფირმა) ერთდროულად გადაიტანეს ანგარიშები. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ინკასაციამ ბრუნვა შეგვიმცირა, სულ 4 ათასით შეგვიმცირა გადასახადი. ანუ, მნიშვნელოვან ზარალზე გავდივართ. სესხები კი ერიცხებათ ჩვენთან.

არის იმის საშიშროება, რომ სესხები არ გადაიხადონ? რამდენადაც ვიცი, ასეთი ხმები გავრცელდა, რომ ხელისუფლება მათ ვალის განახევრებას ჰპირდება, თუ თქვენ დაგაზარალებენ.

- არის ეს საშიშროება და მართლაც კარგა ხანს დადიოდა ჭორები ამის შესახებ. ფაქტი სახეზეა - გასული კვირის ბოლოს, პარლამენტში დაჩქარებული წესით, ერთ დღეში სამი მოსმენით მიიღეს კანონი, რომლითაც სააღმსრულებლო კანონში ცვლილება განხორციელდება. ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა ეს ჭორები.

უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობს ეს ცვლილებები?

- ჯერ კანონი  არ მინახავს, მაგრამ როგორც ვიცი, კანონპროექტი უცვლელად არის მიღებული. თუკი ბანკები მოინდომებენ, რამდენიმე კვირაში შეიძლება მათი გაკოტრება. ვთქვათ, მე მაქვს მიცემული რომელიმე ორგანიზაციისთვის 2 მილიონი დოლარი. მას კი აქვს 3 მილიონი დოლარის გირაო ჩადებული. შეამოწმებენ მას და აღმოაჩენენ, რომ ამ დროს ორგანიზაციას ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა. დაარიცხავენ პროცენტებს და, ვთქვათ, 500 000 დააწერეს ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს 500 000 ინკასო მოხვდება ყველაზე წინ, ურიგოდ, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ეძლევა უფლება, ჩემი გირაო მისი პირობის დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს. რეალურად მოხდება ის, რომ გირაოში ჩადებული 3 მილიონის ქონებას ხელისუფლება გაყიდის 500 000-ად, თავის ვალს დაიბრუნებს, ჩემს 2 მილიონ დოლარს კი დატოვებს აბსოლუტურად უპერსპექტივოს და უზრუნველყოფის გარეშე. ანუ, ბანკი ამ 2 მილიონს ვერასოდეს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა. კიდევ ორი მილიონი მე უნდა დავარეზერვო ამ სესხის ქვეშ. ანუ, 4 მილიონი უნდა დავკარგო. ის კლიენტი კი არაფერს კარგავს. იმ 2 მილიონის ნაცვლად 500 ათასს გადაიხდის, ოღონდ სხვა ფირმით და თავის 3 მილიონის ქონებას დაიბრუნებს ამ 500 ათასად.

სწორედ ამას ეუბნებოდნენ ჩვენს მსხვილ კლიენტებს  არ გადაიხადოთ ეს სესხები, ჩვენ აქ ვართო. ეს პროცესები დაიწყება ამ კვირიდან.

მაგრამ სხვა ბანკებზე არ გავრცელდება ეს კანონი? რატომ არ გამოიწვია ამ განხილვამ ხმაური?

- რასაკვირველია, არ გავრცელდება და გვაქვს ეს ინფორმაციაც. არც ერთმა სხვა ბანკმა რომ ხმა არ ამოიღო, ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან და ბანკებს აფრთხილებენ, რომ მათ არ შეეხებათ. ჩვენ კი მხოლოდ პარასკევს გავიგეთ, როცა კანონი საჩქაროდ მიიღეს.

მთლად ასე აშკარად ვერ გააკეთებენ ამას. ამიტომ ჩვენი კლიენტებიდან საჭიროს  ამოარჩევენ. ვთქვათ, კლიენტს აქვს ჩვენთან აღებული 4 მილიონი და „საქართველოს ბანკში“ – 1 მილიონი. ამ ორგანიზაციას შეისწავლიან. სანქცია განხორციელდება ორივე ბანკზე, რომ არ გახდეს ნათელი, მარტო “ქართუ”-ს რომ ებრძვიან. ჩვენ იმ 4 მილიონს დავკარგავთ. კლიენტმა შეიძლება 1 მილიონი იმ ბანკში დაკარგოს, მაგრამ აქ მოიგებს. „საქართველოს ბანკიც“ კმაყოფილი იქნება. თითო შემთხვევა მოხდება ყველა ბანკში, ხოლო ჩვენთან იქნება ყველა ეს შემთხვევა პარალელურად. ამდენად, დავზარალდებით მხოლოდ ჩვენ. მაგრამ ხელისუფლება კი იტყვის, რომ ყველა ბანკზე ვრცელდება ეს კანონი და ამით “ქართუს” არ ებრძვიან. ჩვენ კლიენტს ვამოწმებთ, ბანკი რაში გვაინტერესებსო – იტყვიან.

სერიოზულ თანხებში პოლიტიკური ანგარიშსწორება ასეულ მილიონებს გასცდება. თვითონ, კლიენტების მეშვეობით (კლიეტები კი, ძირითადად, სახელისუფლებო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, თუმცა – ფარულად) დიდძალ ფულს იშოვნიან.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამ აჟიოტაჟის გამოქართუდან ისეთმა მეანაბრეებმაც გაიტანეს თანხები, რომლებსაც ხელფასებზე მეტ თანხას ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების სახით იღებდნენ. რა ხდება ამ თვალსაზრისით?

- ამდენი დარღვევის მიუხედავად, მე მათ კონფედენციალურობას ვიცავ და არც ვკითხულობ, ვის აქვს ჩვენთან ანგარიშები. მაგრამ იმის თქმის უფლება კი მაქვს, რომ გითხრათ – შინაგან საქმეთა სამინისტროს 500-მა თანამშრომელმა გადაიტანა თავისი ანგარიშები სხვა ბანკში. თუ ვასახელებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, ან საჯარო ბიბლიოთეკას, რატომ არ უნდა ვთქვა შსს? მაგრამ მათ, ვინც ხელფასის გარდა იღებდნენ დახმარებასაც, გადაიტანეს ის ანგარიშები, რომელზეც სახელმწიფოსგან ხელფასები ერიცხებოდათ. მაგრამ ბარათებზე ბიძინა ივანიშვილის დახმარება, შემწეობა, თუ საჩუქარი, კვლავ რჩებათ.

ამ დროს კი, ანაბრებს ხსნიან ის ადამიანები, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ივანიშვილის დახმარება. რამდენად მორალური საქციელია ეს იმათი მხრიდან?

­- ამას მე ვერ შევაფასებ, ეს თქვენთვის და საზოგადოებისთვის მიგვინდვია. მაგრამ რაც შეეხება ახალი ანაბრების გახსნის საკითხს, ეს კი ნამდვილად მსოფლიოს საბანკო ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. ოთხ დღეში 6 400 ადამიანმა გახსნა ანაბარი ისეთ პატარა ბანკში, როგორიც ჩვენია. ქალაქში სულ 5 ფილიალია და ყველგან რიგები გაჩნდა. თანხაში ეს არის 620 ათასი, რომელიც არც ერთ ბანკს არ ააყვავებს. მაგრამ ჩვენ რეალურად მივდივართ სახალხო ბანკისკენ. ბანკების ამ ცუდმა პოზიციამ, მარტო საქართველოს ბანკს არ ვგულისხობ, ხალხი დააფიქრა. არც ერთ ბანკს ჩვენი მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა. შესაძლოა უმრავლესობას აქვს პროტესტი, მაგრამ მობილურზეც არავის დაურეკავს.

დაფიქსირდება მათი ზარი და ალბათ ამიტომ...

- გასაგებია, და უმეტესად ბანკებს ახალგაზრდა თაობა მართავს, მაგრამ ნუთუ ნოდარ ჯავახიშვილს არ იცნობენ?

- მე ორი საათის განმავლობაში ვიყავი ბანკში და ვნახე ანაბრის გახსნის მსურველების როგორი დიდი ნაკადი იყო. მეც იგივე სურვილი გამიჩნდა, მაგრამ 6 საათამდე რიგი არ მომიწია და ბანკი დაიკეტა.

 -იგივე გაგრძელდება. დაგრჩათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მათ რაიმეს ვპირდებით?

- ნამდვილად არა, ძირითადად, პენსიონერები ჭარბობდნენ, რომლებიც თავისი პენსიიდან მიზერულ თანხას დებდნენ ანაბარზე. ბევრი ნაცნობიც ვნახე. რატომ მეკითხებით?

- გაავრცელეს ხმები, თითქოს ამ ხალხს გაორმაგებას დავპირდით. რაც აბსურდია. ადამიანი 1-2, ან 5 ლარს რომ შეიტანს ბანკში, იმისთვის გაორმაგების ინტერესი რომ არ არსებობს, ხომ გასაგებია? მაგრამ, რასაკვირველია, უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ბატონი ბიძინას მოძრაობისთვის. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ქართველებში იწყებს გამოვღვიძებას ღირსების გრძნობა, მაპატიოს ჩემმა ერმა...

სამოქალაქო პასუხისმგებლობა?

- თანადგომის გრძობა და სამოქალაქეო პასუხისმგებლობაც, გეთანხმებით. კარგი იქნება, ჩვენ თუ მართლაც მთლიანად აღვადგენთ ქართველ ერში ამ განცდას, რომ უკანონოდ დასჯილ და შეუარცხყოფილ, ან ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანსაც ერთად დავუდგეთ გვერდით. გული მტკიოდა, როცა ქუჩაში მოკლული ბიჭების, თუ შავოსანი დედების აქციებზე ცოტა ხალხი მოდიოდა. ერთხელ სახლში მოვედი და ცოლს ვუსაყვედურე, რატომ შაოსანი დედბის აქციაზე არ ხარ, ჩვენ რომ შვილები ცოცხალი გვყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების სატკივარი არ უნდა გვაწუხებდეს-მეთქი. თურმე, მას პირიქით ეგონა – რომ გავაკრიტიკებდი, ქუჩებში რას დაწანწალებთქო. ამის შემდეგ მე და მარინა ერთმანეთს აქციებზე ხშირად ვხვდებოდით. ის, თავის დაქალებთან ერთად, რომლებიც ასევე ბებიები არიან უკვე, ყველა აქციას ესწრებოდა.

ეს თუ დაიწყო, ეს არ არის მარტო ერთი ბანკის, ან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა, თუმცა ეს მოძრაობაც იმისთვის იქმნება, რომ ქართველ ხალხში აღდგეს ქართული სული და ღირსება, ამ ბაზაზე იქმნება ეკონომიკური აღმავლობაც და სახელმწიფოებრივი წინსვლაც. ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

ჩვენ რომ მართლაც ეროვნული ხელისუფლება გვყავდეს, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე მზრუნველი, ამ ფაქტით ბედნიერებიც უნდა იყვნენ. ამ დროს რა ხდება? ეროვნულმა ბანკმა პირველსავე დღეს მოითხოა იმ ხალხის მონაცემების (გვარი, სახელი, პირადობის ნომერი, ანგარიშის ნომერი და შემოტანილი თანხის რაოდენობა) გადაცემა, რომლებმაც ამ დღეებში ჩვენთნ ანგარიშები გახსნეს. რაში აინტერესებთ და რაში ჭირდებათ? ღირსების ორდენებით თუ უნდა დააჯილდოვონ ისინი – ძალიან კარგი. მაგრამ ორგანოს, რომელიც არ დაინტერესებულა იმ ხალხის გარკვევით, ვინ და რატომ გადაიტანა ანგარიშები სხვა ბანკებში, ყველაზე მეტად ბანკების მდგრადობის უზრუნველყოფა უნდა აინტერესებდეს, ეს არის მისი სისხლხორცეული ამოცანა. სამაგიეროდ, ინტერესდება ბანკის მხადამჭერების ვინაობით. ამის შემდეგ სინდისი აძლევს იმის უფლებას, რომ თქვას, ჯავახიშვილი ამ თემის პოლიტიზირებას ახდენსო.

მიეცით ეს მონაცემები?

- ეროვნულ ბანკს აქვს ამის უფლება და მივეცით. მაგრამ რისთვის ჭირდება?

სხვა დროს მოუთხოვიათ?

- არა, ბატონო! ამაშია საქმე. მე რომ ჩავდივარ დღეში ორჯერ ბანკში ქვედა სართულზე, ხალხს მადლობას ვუხდი და ვუბოდიშებ კიდეც, რომ ანაბრის გასახსნელად საათობით რიგში უწევთ დგომა. ასე რომ მოსულიყო ქადაგიძე და საბანკო სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა ეთქვა ამ ხალხისთვის, გასაგები იქნებოდა. თავად ეს აქტი ხომ არის დაშინების მცდელობა? ქუჩაში რომ გაგაჩერონ და საბუთები გკითხონ, უკვე გიჩნდება შიში, რა დავაშავეო. თუნცად ფეხის ზომა გკითხონ და იცოდე, რომ ფეხსაცმლის ყიდვას არ აპირებენ, ან არც გინდა მათი ნაყიდი ფეხსაცმელი, ესეც ხომ გიქმნის დისკონფორტს?

ვითიბიბანკში, რომელიც რუსული ბანკის დაფუძნებულია, ანგარიშის გასახსნელად მკითხეს, რამდენი გაქვთ ხელფასი და პოლიტიკურად აქტიური თუ ხართო. მე არ მსურდა ამ კითხვაზე პასუხი, რადგან აქტიურობის შემთხვევაში ჩემი მონაცემები უნდა გადაგზავნილიყო ცენტრალურ ოფისში და ჩემი ვარაუდით, სხვა რომ არაფერი, პროცედურა მაინც გამიჭიანურდებოდა. ამის გამო უარი ვთქვი ანგარიშის გახსნაზე. რამდენად ნორმალურია ეს სიტუაცია?

- ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა. როცა ისეთ შეკითხვას გისვამენ, რომელზე პასუხის გაცემა არ გინდა, ეს ყოველთვის იწვევს შიშს – რატომ მეკითხებიანო.

ბანკების მხრიდან მხარდაჭერაზე თავშეკავების გამო წუხილი გამოთქვით. რა პოზიცია უჭირავთ საერთაშორისო ბანკებს და მისიებს? მათაც ხომ არ ეშინიათ ამ ხელისუფლების?

- „საქართველოს ბანკში“ ეს ამბავი რომ მოხდა, იმ წუთში მივმართე საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევრობანკს, მსოფლიო ბანკს. მათთან შეხვედრა ვითხოვე. მაგრამ, ალბათ, შეცდომა დავუშვი, რომ სამსახურის უფროსს დავავალე ამ საკითხის მოგვარება, როგორც წესია, და თავად არ დამირეკავს. ყველა ბანკიდან უპასუხეს, რომ დაკავებულები არიან. შემდეგ მე თვითონ დავურეკე თითოეულს და ავუხსენი, რომ მე მხოლოდ “ქართუ” ბანკის გენერალური მენეჯერი კი არა ვარ, მანამ 4 წელი ვიყავი საერთაშორისო სავალუტო ბანკის მმართველი საქართველოში და დღეს რომ ვაშინგტონში მე, უმუშევარი ნოდარ ჯავახიშვილი, ჩავიდე, თქვენი პრეზიდენტი და დირექტორ-განმკარგულებელი აუცილებლად მიმიღებს და შემხვდება-მეთქი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული და საპატივცემულო ინსტიტუტი, რომელსაც თავისი ტრადიციები გააჩნია. მე ერთი დღეც რომ ვყოფილიყავი მათი მმართველი საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ მე მათთვის პატივსაცემი პიროვნება ვარ.

ამიტომ ვუთხარი – არ გაქვთ უფლება, რომ არ მოიცალოთ ჩემთვის–თქო. მეორე დღესვე დამინიშნეს შეხვედრა. ევრობანკთან ცოტათი გაჭიანურდა, რადგან ლონდონიდან ევრობანკის დირექტორი ჩამოდიოდა და უპრიანიც იყო, რომ სწორედ მას შევხვედროდი. სამი დღის შემდეგ ძალიან პრინციპული საუბარი შედგა ჩვენს შორის. სხვათა შორის, იგი ძალიან გაგებით მოეკიდა ამ საკითხს.

მსოფლიო ბანკის პოზიცია კი ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. წარმომადგენელს ვერ ვესაუბრე. თანაშემწემ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, საკმაოდ მენტორული ტონით მითხრა – როგორ გეკადრებათ, მისიაა ჩამოსული და ხელმძღვანელი ორი დღე დაკავებულიაო. მე ვუთხარი, რომ მსოფლიო ბანკის უამრავი მისია მიმიღია თავის დროზე, ძალიან კარგად ვიცი მათი დაკავებულობა, მაგრამ ღამის სამ საათზე მაინც უნდა მოეცალათ. ასეთ საკითხზე თვითონ მისიაც უნდა შემხვედროდა. მითხრა, რომ მოახსენებდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს. მაგრამ 2 კვირა ვერ მოიცალა, მერე კი შვებულებაში წავიდა. იმედია, უკვე ჩამოვიდოდა და შევხვდები. მაგაზეც მექნება საუბარი. მსოფლიო ბანკს უდიდესი ძალისხმევა და დიდი ფულიც აქვს დახარჯული საქართველოში საბანკო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. როგორ შეიძლება, ეს ფაქტი არ არინტერესებდეთ, რაც “ქართუში“ ხდება.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ საერთასორისო მისიები თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან და მათი სიჩუმე, თუ მხარდამჭერი განცხადებები, ამით არის განპირობებული...

- არა, მთლად სიჩუმეც არაა. ბატონი ბიძინას შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან არ იყო დაკავშირებული ბანკში შექმნილ პრობლემასთან. მაგრამ მათ მაინც დააყენეს ეს საკითხი. ყველამ მოისმინა და ამერიკის ელჩმა განცხადებაც გააკეთა, რომ ისინი განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნებენ თვალ-ყურს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის და ბანკის საკითხებს. ეს განცხადება თავისთავად რაღაცას ნიშნავს.

ამას გარდა, თუ ზემოთაღნიშნული კანონი ამოქმედდება, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ყველა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს საბანკო სისტემაში კაპიტალი აქვს ჩადებული. არა გვგონია, ევრობანკმა, AFC-მ, DG-მ, KFC-მ ეს იცოდეს, მაგრამ თუ იციან – საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომ ჩუმად არიან. რატომ არიან ჩუმად, როცა ამ ვანდალური აქტით შეიძლება დაიღუპონ? ე.ი. შეთანხმებულები არიან და ეს ნიშნავს, რომ მთელმა მსოფლიომ “ქართუს“ წინააღმდეგ შეკრა პირი. მე გამოვრიცხავ ამას. ამიტომ იძულებული გახდებიან, ხმა ამოიღონ. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება პოლიტიკურ არენაზე. ვერ ხვდებიან ეტყობა.

საზოგადოებრიობის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, როგორც ალასანიას მიმართმიშა 2”-ის იარლიყი, თითქოს სააკაშვილი სპეციალურად უქმნის ივანიშვილს დაჩაგრულის იმიჯს...

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ავადმყოფურ ჭორებზე საუბარი არამიზანშეწონილად მიმაჩნია, როგორც პოლიტიკოსების, ისე – ჟურნალისტების მხრიდან. წარმოიდგინეთ, ჯანსაღი მამაკაცი ტყეში, მხეცის გამოჩენისას პანიკაში თუ ჩავარდა და გაიქცა, ზურგიდან თავდასხმა უფრო ადვილად არის შესაძლებელი. ძლიერი მამაკაცი კი, მგელს უნდა შეებრძოლოს და მოერიოს. ყოველ შემთხვევაში, თავი ადვილად არ უნდა შეაჭმევინოს. ასე შეიძლება აღვიქვათ ხელისუფლების ნაბიჯები. ფილმში მაინც მინახავს, რომ პაიკაში ჩავარდილი ადამიანი შეიძლება მეთექვსმეტე სართულის ფანჯრიდან გადახტეს. აქ უკვე გადარჩენის შანსი გამორიცხულია.

ჩვენ არ დავპანიკდებით და საზოგადოებას ვპირდები, რომ ნოდარ ჯავახიშვილი არაფერს არ დათმობს. ამასობაში გამოჩნდება, საით არის სიმართლე. მე უბრალოდ ბანკში სამუშაოდ კი არ მოვედი, ბრძოლაში მომიწია მონაწილეობა. პირველივე ღამეს რომ დააპატიმრეს თანამშრომლები და შუა ღამემდე ყველანი აქ ვიყავით, მანქანა გავუგზავნე დაკავებულებს, გათავისუფლების შემდეგ რომ მოსულიყვნენ ბანკში და ყველას ავუხსენი, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამიტომ ვისაც ეშინია, წაბრძანდნენ სახლებში და როცა სიტუაცია გამოსწორდება, ყველას დავაბრუნებ უკან. მე ვერავის მოვთხოვ გმირობას. ვისაც შეგიძლიათ ბრძოლა – დარჩით და ვიბრძოლოთ, თქვენ ვერ ნახავთ შეშინებულ, ხელებჩამოშვებულ ნოდარ ჯავახიშვილს-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ბანკი არ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას.

მეორე დღეს ბანკში მოსულს მითხრეს, რომ ერთ-ერთ ოდიოზურ ფიგურას სესხი აქვს დამტკიცებული და არ მივცეთო. მე უარი ვთქვი, თუ სესხი დამტკიცებულია, პოლიტიკურ ნაბიჯს ნუ გადავდგამთ-თქო.

რაც შეეხება ფორუმის და ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობას, თუ არის ეს გადაწყვეტილი?

- მე ვიცი, რომ შეხვედრები იყო, მაგრამ თანამშრომლობის შესახებ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე ვერ გიპასუხებთ ამაზე. სხვის ფუნქციებში მე არ ვიჭრები, სანამ არ მეტყვიან, რომ ამ საკითხებზე განცხადებების გაკეთება ჩემგან უკეთესია.