შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების მოწმე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილია. ამის შესახებ
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომის შემდეგ ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა განაცხადეს. წინასასამართლო პროცესი კი 17 აპრილს, 14.00 საათისთვის განახლდება.
ამასთან, ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენს.
როგორც ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების შესახებ დადგენილება დაცვის მხარეს ჩაბარდა პროკურორის ხელმოწერის გარეშე, ხოლო სასამართლოს წარედგინა ხელმოწერით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა მისი ფალსიფიკაცია.
ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ 38 ბრალდების მოწმის ჩვენება იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მტკიცებულებების გაყალბება.
დღევანდელ პროცესზე ახალაიას ადვოკატებმა ბრალდების დადგენილებისა და სხვა რიგი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ მის მიმართ ბრალდების შეფასება გააკეთა. როგორც ახალაიამ აღნიშნა, ვერავინ ვერ დაარწმუნებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის მისთვის წარდგინება აუცილებელი იყო.
"ვერავინ ვერ დაადასტურებს იმას, რომ ბრალის წარდგენა ჩემთვის აუცილებელი იყო. ეს მოხდა სხვა პროცესის შიშით რომ არ მომხდარიყო ჩემი გათავისუფლება სხვა სასამართლო პროცესიდან, სრულიად ლოგიკურია რომ ბრალის წარდგენა მოხდა შეცდომებით. სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ პროცესზე.
მას ბრალად ედება შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სპერაზმის შვიდი თანამშრომლის წამების ორგანიზება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით.
როგორც ახალაიას კიდევ ერთმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, სპეცრაზმელებს ჩაუტარდათ რეინჯერთა კურსი, რომელიც მათი მხრიდან წამებად არის აღქმული. ამასთან ველიჯანაშვილის ინფორმაციით, არსებობს ვიდეომასალა, რომლის დაშვებაც დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა.
ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაზე ასახულია თუ როგორ მზადდებიან რეინჯერები და ის მომზადების წესი, რომელიც აღნიშნულ სპეცრაზმელებს ჩაუტარდათ საერთაშორისოდ აღიარებულია.
ახალაიასთან ერთად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები კიდევ რამდენიმე პირია.
რაც შეეხება ჯანაშვილს, არსებული ინფორმაციით, შს სამინისტროში ბაჩო ახალაიას მოადგილეც იყო, თეა თუთბერიძის ინფრომაციით კი, ჯანაშვილი ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველია.