ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესის მემკვიდრედ მიჩნეულმა ნიკოლა მადურომ მთავარ კონკურენტთან მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსის ყოფილმა მძღოლმა, 50 წლის მადურომ ხმების 50,7% მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქე, ოპოზიციურმა კანდიდატმა ენრიკე კაპრილესმა კი ხმების 49,1% მიიღო.
არჩევნების შედეგებს აპროტესტებს მირანდას შტატის გუბერნატორი კაპრილესი, თუმცა ვენესუელას საარჩევნო კომისია მოსახლეობას მოუწოდებს, პატივი სცეს არჩევნებს შედეგებს და არ მოაწყონ საპროტესტო აქციები.
ნიკოლა მადურო პრეზიდენტის მოვალეობას უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, 5 მარტიდან მოყოლებული ასრულებდა. სავარაუდოდ, მისი ინაუგურაცია 19 აპრილს გაიმართება და 2019 წლამდე დარჩება ქვეყნის სათავეში.