თსუ-ში, ხვალ სოსო მარგიშვილის წიგნის - "შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში", პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, წიგნი თსუ-ის გამომცემლობამ გამოსცა და მისი პირველი ნაწილი შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნების სახელმძღვანელოა.
"წყაროებსა და უახლეს ლიტერატურაზე დაყრდნობით ავტორი მიმოიხილავს სამხედრო საქმის ორგანიზაციასა და ომების ხასიათს საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში; ბიზანტიური, ჯვაროსნული, მუსლიმური და მომთაბარული არმიების მასშტაბებს, სტრუქტურასა და საბრძოლო საშუალებებს, შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნების ძირითად პრინციპებს - სამხედრო საქმის ორგანიზებასა და სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას IX-XV საუკუნეების საქართველოში", _ აცხადებენ უნივერსიტეტში.
ამასთან, განმარტავენ, რომ სოსო მარგიშვილი გახმაურებული მონოგრაფიის - "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. ომი სელჩუკთა სამყაროს წინააღმდეგ" (თბილისი, 2006) ავტორია.