საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონფერენცია ორდღიანია და ის გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის ქრეიგ კენედის მიერ არის ორგანიზებული.
საქართველოს მხრიდან კონფერენციაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი იღებენ მონაწილეობას.
კონფერენციას ასევე ესწრებიან ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და "კოპენ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.
კონფერენციაზე განხილვის თემაა საქართველოს როლი რეგიონსა და რეგიონს მიღმა, საქართველოს განვითარების გზა.